ძიუდო. შუკვანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სტამბოლში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველებისთვის ერთი მედლით დასრულდა. 60 კგ-ში მოჭიდავე ბეთქილ შუკვანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შუკვანმა ერთმანეთის მოყოლებით ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა. მან ყველა მოწინააღმდეგე სუფთად დაამარცხა: პირველ წრეში ფინელი ვალტერი იოკინენი, შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი სომეხი ჰოვანეს დავთიანი. ამას აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან გამარჯვებაც მიაყოლა და ფინალში გადასასვლელად რუს არსენ გალსტიანს შეხვდა. ქართველმა მოწინააღმდეგეს 24 წამში დაუმთავრა საქმე. უკვე ფინალურ დაპირისპირებაში თვითონ ბეთქილმა ვეღარაფერი მოუხერხა უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას და იპონით დამარცხდა.

60 კგ-ში მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო მეორე ქართველიც - ამირან პაპინაშვილი. ის ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში ზანთარაიასთან დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო, სადაც ერთი მოგების შემდეგ ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში, შუკვანის მიერ დამარცხებულ არსენ გალსტიანს დაუპირისპირდა, მაგრამ წაგებულმა დატოვა ტატამი.

გუშინვე იჭიდავეს 66 კგ-ში გიორგი შოშიაშვილმა და შალვა ქარდავამ. თუმცა მედლებისთვის ვერცერთმა იბრძოლა. ორივე მათგანი მეოთხედფინალამდე დამარცხდა.

დღეს სტამბოლურ ტატამზე კიდევ ორი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავლენ საჭიდაოდ - 73 კგ. თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი, 81 კგ. ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი.

60 კგ. 1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 2. ბეთქილ შუკვანი (საქართველო) 3. არსენ გალსტიანი (რუსეთი) 3. ელიო ვერდე (იტალია)

66 კგ. 1. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) 2. ტარიან ქარიმოვი (აზერბაიჯანი) 3. ალიმ გადანოვი (რუსეთი) 3. კოლინ ოუტსი (დიდი ბრიტანეთი)

კომენტარები