ძალოსნების წარმატება და გეგმები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დღეს ქართველ ძალოსნებს შეხვდა. რუსეთის ქალაქ ყაზანში, რამდენიმე დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა: გია მაჭავარიანმა (105 კგ) ორჭიდის ჯამში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ) კი მცირე ბრინჯაოს მედალი და საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაისაკუთრა. მაჭავარიანისათვის ეს პირველი მედალია ევროპის ჩემპიონატზე.

ქართული ძალოსნობის ბოლოდროინდელი გამოცოცხლება ისევ და ისევ ვანო გრიქუროვის სახელს უკავშირდება, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს.

დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრთან სპორტსმენების გარდა  ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებიც იყვნენ. მთლიანობაში ვლადიმერ ვარძელაშვილმა გაწეული სამუშაო დამაკმაყოფილებლად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. სულ ცოტა ხნის წინ დავაბრუნეთ მწვრთნელი, ვანო გრიქუროვი. მასთან ერთად შევადგინეთ გეგმა და შედეგებიც  გაუმჯობესდა. ახლა უკვე შეგვიძლია უფრო მშვიდად შევხედოთ მომავალს და გეგმაზომიერად ვიაროთ წინ. ევროპის ჩემპიონატზე დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ, წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება და უკვე იმისათვის უნდა მოვემზადოთ.ვანო გრიქუროვთან ერთად დავსხდებით და ახალ, გრძელვადიან გეგმასაც შევადგენთ. ჩვენი მიზანია, ოლიმპიადისათვის რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს, ნაკრებმა კარგად უნდა იასპარეზოს უმთავრეს სპორტულ ფორუმზე“.

კომენტარები