ტექნოლოგიური დაიჯესტი

ქალები ინტერნეტში დომინირებენ

ქალები თანამედროვე ინტერნეტის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება იმ სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც ციფრული შესყიდვების ექსპერტმა, აილინ ლიმ ხანგრძლივი კვლევის შედეგად მოიპოვა. ასევე კვლევითი კომპანიების Comscore, Nielsen და MediaMatrix სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სწორად ქალები შეადგენენ ინტერნეტის გულის, სოციალური მედიის ქვაკუთხედს.

მრავალი პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლების 70% ქალები არიან. მაგალითად, Facebook-ში დღიური აქტიურობის პროცენტული გადანაწილება 70/30-ზეა ქალების სასარგებლოდ. სტატისტიკოსებმა ისიც იციან, რომ ქალებს 8%-ით მეტი მეგობარი ჰყავთ, ვიდრე მამაკაცებს და ისინი ინტერნეტში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე – „ძლიერი სქესის” წარმომადგენლები.

Twitter-იც კი, რომელიც თავდაპირველი ჩანაფიქრით ტექნოპროდუქტი იყო, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო „ქალური” საიტი ხდება. მშვენიერი ქალბატონები დღის განმავლობაში საშუალოდ უფრო მეტ ტვიტებს წერენ და უფრო მეტი ფოლოუერები (მიმდევრები) ჰყავთ, ვიდრე მამაკაცებს.
ელექტრონული კომერციის განვითარებაშიც უფრო მეტად მდედრები აქტიურობენ. მაგალითად, პოპულარული სერვისის, Groupon-ის მოპოვებული ფასდაკლებების 77% მათზე მოდის. საინტერესოა ისიც, რომ ქალებმა მამაკაცებს ონლაინსათამაშო პორტალებშიც გადაასწრეს. მაგალითად, ისინი პოპულარული რესურსის Zynga-ს მომხმარებლების 60%-ს შეადგენენ.
 
ამ ყველაფრიდან  შეიძლება დავასკვნათ, რომ ტექნომანმა მამრებმა შექმნეს ტექნიკური საშუალებები და მიატოვეს ისინი. მიტოვებულ ტექნიკურ საშუალებებს და საიტებს კი ქალები დაეპატრონნენ და გაბატონდნენ.
 
LinkedIn-ში 100 მილიონი მომხმარებელია
 
დასაქმების პოპულარული სოციალური ქსელის, LinkedIn-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, როგორც იქნა, კომპანიამ მიაღწია დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს: მათ მონაცემთა ბაზაში 100 მილიონი მომხმარებლის პროფილია!
 
2002 წელს დაარსებულმა კომპანიამ პოპულარობა და რენტაბელურობა დროის მოკლე პერიოდში მოიპოვა. მათი სოციალური ქსელი განსხვავდებოდა ანალოგებისგან ინფორმაციის გამჭვირვალობით და ახლებური ხედვით, რამაც ექვს წელიწადში 50 მილიონი მომხმარებელი მოიზიდა. ბოლო წელიწად-ნახევარში კი ეს რიცხვი გაორმაგდა.
 
მიუხედავად სწრაფად მზარდი პოპულარობისა, LinkedIn-ის მომხმარებლების ნახევარს კვლავაც აშშ-ის მცხოვრებლები შეადგენენ. თუმცა ეს მონაცემები სავარაუდოდ მალე შეიცვლება, ვინაიდან ბრაზილიის, მექსიკის, ინდოეთის და საფრანგეთის მოქალაქეების აქტივობა ამის წინაპირობას ქმნის.
 
LinkedIn-ის მომხმარებლების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა უპირველესად იმის შედეგია, რომ დიდმა კომპანიებმა რახანია დაიწყეს კადრების შერჩევა LinkedIn-ის პროფილების ანალიზის გზით. კომპანიის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ყოველი დამსაქმებელი დასაქმებულს LinkedIn-ის საშუალებით იპოვის და შესაბამისად, კადრების მოზიდვის პროცესი უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდება.
ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ასეთი დაინტერესებისა, საქართველოში ეს სოციალური ქსელი კვლავაც ეგზოტიკური ხილია და მისი სერიოზული აღქმა არც დამსაქმებლებს დაუწყიათ და არც დასაქმებულებს. 
 

კომენტარები