თავისუფალი ჭიდაობა: მსაჯებმა და რუსებმა ოქრო მოგვპარეს

 ჭიდაობა რომ ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური და სახელგატეხილი სპორტია, დიდი ხანია ყველამ გაიგო. თუმცა ის, რაც გუშინ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, ვერნაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

საჭიდაოდ გამოსული ოთხი წონითი კატეგორიიდან ორის ფინალში ქართველი სპორტსმენი გავიდა - დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ). ორივე მათგანის მეტოქე ოქროსთვის ბრძოლაში რუსი მოჭიდავე იყო.

დავით მარსაგიშვილისა და ანზორ ურიშევის დაპირისპირებამ ძალიან დიდი აურზაური და გამოხმაურება გამოიწვია. ქართველ სპორტსმენს მოგებული შეხვედრა და ოქროს მედალი პირდაპირ ხალიჩაზე მოპარეს მსაჯებმა.

ახალგაზრდა ქართველმა მეტოქეს პირველი პერიოდი 4:1 მოუგო. მეორეში უკვე თვითონ დამარცხდა 1:0. თუმცა მესამე ნაწილში ყურადღება მოიკრიფა და მოწინააღმდეგეს შეუტია. ამის შედეგად სამქულიანი გდებაც განახორციელა. რუსმა  სხვაობა ნელ-ნელა გაქვითა და საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ამის მიუხედავად ჩემპიონად მაინც მარსაგიშვილი უნდა გამოეცხადებინათ. წესების თანახმად, ჩემპიონობა მას ეკუთვნოდა, რადგან მეტოქესათვის 3-ქულიანი ილეთი ჰქონდა გაკეთებული.

ქართულმა შტაბმა და სპორტსმენმა უკვე გამარჯვების აღნიშვნა დაიწყეს. ახალგაზრდა ჩემპიონს დარბაზიც ტაშს უკრავდა, მაგრამ აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო და ჩვენთვის არასასიამოვნო ნაწილი. მთავარმა მსაჯმა ხალიჩაზე მყოფ მსაჯს ანიშნა, გამარჯვება რუსს უნდა მისცეო. გაკვირვებული მსაჯი თვალებს და ყურებს არ უჯერებდა, თუმცა გამარჯვებულად საბოლოოდ მაინც რუსი მოჭიდავე ანზორ ურიშევი გამოაცხადეს.

ჩვენმა მხარემ, ძალიან ბევრი იდავა და აპროტესტა შედეგი, მაგრამ ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. დავით მარსაგიშვილს მხოლოდ ვერცხლის მედალი შეხვდა.

ამ შეხვედრას უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ჭიდაობის რუსი მოყვარულებიც კი აღნიშნავენ იმ უსამართლობას, რომელიც გერმანიაში მოხდა, მაგრამ შედეგს აღარავინ ცვლის.

რუსულმა საჭიდაო მაფიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს  და წაგებულ-მოგებულის ვინაობას, როგორც უნდა, ისე წყვეტს.

გუშინვე ვერცხლის მედალი აიღო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალამდე კარგად მივიდა, სადაც საბოლოოდ რუს მოჭიდავესთან - ჯამალ ოთარსულთანოვთან დამარცხდა.

ამ წყვილის გარდა გუშინ კიდევ ორი ქართველი გავიდა საჭიდაოდ - კობა კაკალაძე (66 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ). ორივე მათგანმა მეოთხედფინალამდე გააღწია და შემდეგ ვეღარ შეძლო წინსვლა. რაც მთავარია, მათი დამმარცხებლები შემდეგ წრეში  თვითონ  დამარცხდნენ და ჩვენებს ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლის შანსიც აღარ მიეცათ.

ამით დორტმუნდში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დღეები დასრულდა. 7 წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედლის აღება შეძლეს - 2 ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოსი. ეს უკანასკნელი 29 მარტს დავით ხუციშვილმა (74 კგ) მოიპოვა.

ახლა ორი დღე გერმანიაში ქართველებისათვის საინტერესო  აღარაფერი მოხდება. ტურნირზე ქალების გამოსვლის დრო დგება. უკვე 2-3 აპრილს კი ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

კომენტარები