ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე

 დღეს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირის პირველი ორი დღე, 29-30 მარტი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე გაახალგაზრდავებული გუნდით გამოვა. ამჯერად შემადგენლობაში რამდენიმე ტიტულოვანი მოჭიდავე არ იქნება - რევაზ მინდორაშვილი (84 კგ.), გიორგი გოგშელიძე (96 კგ.) და ოთარ თუშიშვილი (66 კგ.).

ამის მიუხედავად, ქართველებისათვის ტურნირი მაინც ძალიან საინტერესოა. უპირველეს ყოვლისა იმტომ, რომ მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ გერმანიაში საჭიდაოდ ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭები წაიყვანა. მათ უმეტესობას სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსა და მთავარ ნაკრებშიც კი აქვთ წარმატებები მოპოვებული.

თითქმის მთელი გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონებითაა დაკომპლექტებული. ერთადერთი წონა, სადაც ოქროსმედალოსანი არ ჭიდაობს, 66 კილოგრამია. ისიც იმის გამო, რომ პირველადგილოსან ცოტნე ბარამიძეს ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ აქვს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გამოსვლა ორ დღეზეა გადანაწილებული. დღეს გერმანულ ხალიჩაზე 60, 74 და 96 კილოგრამიანი სპორტსმენები გავლენ. ხვალ კი მათ ადგილს დანარჩენი ოთხი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები დაიკავებენ - 55, 66, 84 და 120.

შემდეგ ორ დღეს, 31 მარტსა და პირველ აპრილს უკვე ქალების ჯერი დადგება. შეჯიბრებას კი 2-3 აპრილს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები: 55 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 60 კგ. მალხაზ ზარქუა, 66 კგ. კობა კაკალაძე, 74 კგ. დავით ხუციშვილი, 84 კგ. დავით მარსაგიშვილი, 96 კგ. ბელდუხ გავაშელიშვილი, 120 კგ. დავით მოძმანაშვილი

კომენტარები