კუჭი ჩემი საკურთხეველია

 წინა კვირას, ქრისტიანების უმრავლესობამ 40-დღიანი მარხვა დაიწყო. ამ რიცხვს ქრისტეს ვნებათა გასახსენებლად „ვნების შვიდეულის” კვირაც დაემატება და 24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულით დამთავრდება. წელსაც, გრეგორიანულ და იულიანურ კალენდარზე მცხოვრები დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომას ერთ დღეს იზეიმებენ. მარხვის დაწყების თარიღი, აღდგომიდან გადმოითვლება, ამიტომაც კონფესიებს დაახლოებით ერთ დროს დაუდგათ წინასააღდგომო „სინანულის ჟამი”. ორმოცი – სიმბოლურად იმ ოთხ ათეულ დღეს განასახიერებს, რომელიც სახარების მიხედვით იესო ნაზარეველმა უდაბნოში დაჰყო და სატანისგან გამოიცადა. თუმცა რიცხვი ქრისტეს დროსაც სიმბოლური იყო – ის მოსეს მიერ ეგვიპტიდან დახსნილი ებრაელი ერის უდაბნოში 40-წლიან მსვლელობას აღნიშნავდა.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მარხვა სინანულთან, ქრისტეს ტანჯვის გაზიარებასთან, მოწყალების გაცემასთან და თვითდისციპლინის ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. „დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ”, წერდა წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. ქრისტიანთა რწმენით მარხვა ადამიანს საკუთარი თავისთვის „არა”-ს თქმას აჩვევს. ეს იმისთვის, რომ მოთხოვნილებებმა კი არ მართოს ადამიანი, არამედ თავად მართოს მოთხოვნილებები. ამ მნიშვნელობით ის თავისუფლების, ანუ საკუთარი თავის ფლობის ყოველწლიური სკოლაც არის. მარხვა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს წუთისოფლის მოძულებას, – საგანგებოდ აღნიშნავენ ეკლესიაში, – მარხვა სიამოვნებათა და მავნე ჩვევათა შემცირებაა, რომელსაც რწმენის სტიმულირების ფუნქცია აკისრია. დიდმარხვა სხვა დაწესებული მარხვისგან, განსაკუთრებული სიმბოლოებით გამოირჩევა. მორწმუნემ ქრისტეს ტანჯვისა და ჯვარცმის მწუხარება უნდა განიცადოს, იმისათვის, რომ მკვდრეთით აღდგომას სიხარულით შეხვდეს. ამ შეხედულებას ეკლესიაში დამკვიდრებული გამოთქმა: „თუ ჯვარცმა არ იგლოვე – აღდგომას ვერ გაიხარებ” ყველაზე უკეთ გამოხატავს. არსებობს კიდევ ერთი ოქროს წესი, რომელიც მარხვის ინტიმურ ხასიათს განსაზღვრავს – „როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი... ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ” (მათ. 6,16-18).

თუმცა, მცნებასა და ქცევას შორის შეუსაბამობა იშვიათობას არ წარმოადგენს. საქართველოში მარხვას ეკლესიური საზოგადოების უმრავლესობა იცავს. ამ დროს სუფრიდან ცხოველური საკვები ქრება: ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი. სამაგიეროდ, საკვებ რაციონში აქტიურად შემოდის: სოიოს კატლეტი, სამარხვო აჭარული ხაჭაპური, სამარხვო ხინკალი და სამარხვო მარგარინით გამომცხვარი სამარხვო ნამცხვრები. „სტომაქის დამორჩილების” ასეთი მეთოდი, უფრო საკუთარი თავის მოტყუებას ჰგავს, ვიდრე ქრისტიანულ ასკეზას. მარხვა ხომ სასურველის მოკლებას გულისხმობს და არა მისი ხელოვნური ალტერნატივებით ჩანაცვლებას.
 
სოციალურ ქსელებში ხშირად ხუმრობენ, რომ სამარხვო ნამცხვრის ჭამა სიამოვნება კი არა, მოწამეობაა. თუმცა ფაქტია, რომ სამარხვო და არასამარხვო საკვებს შორის განსხვავება ხშირად არ არსებობს, – არც ნოყიერებისა და არც ღირებულების თვალსაზრისით. ზოგჯერ მარხვის იმიტაციისთვის, საკრალური სარჩულის მიკერებასაც ცდილობენ. რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი კომპანიის სამარხვო მაიონეზის ქილის ფსკერზე, ჯვრის ფორმის გამოსახულება დალანდეს. ეს სასწაულად მიიჩნიეს და განასაჯაროვეს.  სამარხვო პროდუქტებით დიდი კომპანიების დაინტერესება, უკვე დიდ მოთხოვნას ცხადყოფს. 
 
გარდა წესსა და პრაქტიკას შორის სხვაობისა, ჩნდება ერთი კითხვა – რამდენად უზრუნველყოფს ცხოველური საკვების შემცირების საერთო წესი ინდივიდუალურ მარხვას? როგორ მოახერხებს კონკრეტული პიროვნება, ცხოველური საკვების მოკლებით მარხვის მიზნის განხორციელებას, თუ ისედაც მცენარეული მოსწონს? ადამიანური სიამოვნება მხოლოდ კუჭთან არ არის დაკავშირებული. თვითდისციპლინის ჩამოყალიბება სუბიექტური პროცესია და არა კოლექტიური. ადამიანებს სხვადასხვაგვარი გემოვნება აქვთ და განსხვავებული დამოკიდებულებები უჩნდებათ, რომელთა კონტროლიც, ერთი კულინარიული წესით შეუძლებელია. 
 
რაციონის შემცირება ყველა ადამიანისთვის მარხვის მიზნის აღსრულებას არ გულისხმობს. წარსულში მსგავს მიდგომას მეტი აზრი ჰქონდა – რადგან ხორციელი საკვები ფუფუნებას წარმოადგენდა. დღეს კი, არაცხოველური საკვები შესაძლოა ორგანულზე გაცილებით ძვირი ღირდეს და უფრო გემრიელი იყოს. მეტიც – ხანდახან, სწორედ სოსისებისა და ძეხვის ჭამაა მოწამეობა. მხოლოდ საკვების გარკვეული ტიპის განგდება რომ მარხვისთვის საკმარისი არ არის, ის ფაქტიც გვახსენებს, რომ წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, მარხვისას ლობიოს ჭამას ერიდებოდა – რადგან ძალიან უყვარდა. 
 
პირველი საუკუნეების ეკლესიაში დიდმარხვის დაცვის პრაქტიკის შესახებ სხვადასხვა ვერსიებს ვხვდებით. გავრცელებული მოსაზრება ორმოცდღიანი მარხვის სამოციქულო წარმომავლობის შესახებ, ისტორიულად არ დასტურდება. თუმცა ჩანს, რომ ამ დროისთვის მარხვის წესი უკვე არსებობს – უბრალოდ არ არის შეთანხმებული მისი ერთი ფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთში დიდმარხვის პრაქტიკა, ისევე როგორც კალენდარი, სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. აღმოსავლურ პრაქტიკაში დამკვიდრებული წესისგან განსხვავებით, დასავლელი ქრისტიანები უფრო საკვების რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს, ვიდრე მის შემადგენლობაზე. ისინი დღეში ერთხელ ჭამენ. დასაშვებია ასევე ორჯერ მშრალად კვებაც. ამასთან, სპეციალური ნებართვით მარხვა შეიძლება კონკრეტული პიროვნებისთვის იმ ჩვევებზე უარის თქმით შემოიფარგლოს, რომელზეც ის ყველაზე მეტად არის მიჯაჭვული. ეს შეიძლება კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან სიგარეტთან დროებით გამოთხოვებას გულისხმობდეს, ან უბრალოდ ყოველდღიურობის ლოცვითა და წმიდა წერილის კითხვით დატვირთვას. როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მარხვის სხვადასხვა წესი ერთმანეთისგან, ერთი შენიშვნა არავის აწყენდა – პირადი ასკეზის აფიშირებისგან თავშეკავებაზე, ყველაზე დიდი ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს – ხორცის ჭამის აკრძალვა, გარშემომყოფთა ნერვებით კვებას არ ნიშნავს.

კომენტარები