ქაიროში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა

კოპტი ქრისტიანების საპროტესტო აქცია ეგვიპტის დედაქალაქში სამშაბათ საღამოს სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მუსლიმებსა და კოპტებს შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა. ქაიროს ქუჩებში გამოსული კოპტები ეგვიპტელ ქრისტიანებზე გასულ კვირას მომხდარ თავდასხმას აპროტესტებდნენ. თვითმხილველების ცნობით, ქუჩის გადაკეტვით გაღიზიანებულმა მუსლიმმა მოსახლეობამ დემონსტრანტებს ქვები დაუშინა, რასაც კოპტების საპასუხო შეტევა მოჰყვა.

გასულ კვირას მუსლიმების 4000-კაციანი ჯგუფი ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში კოპტების სახლებს თავს დაესხა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თავდამსხმელებმა ქაიროდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელში ეკლესიაც დაწვეს. უცნობია, თუ რა ბედი ეწია პასტორსა და სამ დიაკვანს, რომლებიც შემთხვევის დროს ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

ეს ბოლო ორი თვის მანძილზე ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმის უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა. ახალი წლის ღამეს ქალაქ ალექსანდრიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა კოპტურ ეკლესიასთან თავი მაშინ აიფეთქა, როცა მლოცველები ტაძრიდან გამოდიოდნენ. აფეთქებას  21 ადამიანი ემსხვერპლა,  97 კი დაიჭრა. 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქება კოპტებმა, რომლებიც ეგვიპტის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ, ფართომასშტაბიანი აქციით გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა ხელისუფლება გულგრილობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულეს. 

კომენტარები