კახეთში ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია დაარბიეს

 ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია ბოლო სამი თვის მანძილზე უკვე მეორეჯერ დაარბიეს. შემთხვევა პირველად 19 ნოემბერს, ხოლო მეორედ 28 იანვარს მოხდა. სოფლის ეკლესია საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ბეთელის” შენობაში მოქმედებს, აქვე მოზარდებისთვის საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. რამდენიმე დღის წინ ეკლესიაში მისულ მრევლს საეკლესიო ნივთები  გადმოყრილი დახვდა, ხოლო მოსწავლეების ნახატები დაზიანებული. მრევლის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ დამნაშავეებმა მხოლოდ საბავშვო ფლომასტერები წაიღეს.

ბაპტისტურმა თემმა პოლიციას პირველი დარბევის შემდეგ მიმართა. ”საქმის აღძვრისთანავე ჩემთან მშობელმა მოიყვანა სამი არასრულწლოვანი და მათ ბოდიში მოიხადეს,” განაცხადა ტაბულასთან საუბარში ადგილობრივი თემის პასტორმა, დიაკონესელთა ორდენის წევრმა მარიკა ცხადაძემ. თუმცა აქვე დასძინა, რომ არასრულწლოვანები მხოლოდ მეორე დარბევაში მონაწილეობას ადასტურებენ. პირველ შემთხვევაზე კი გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ, ინციდენტის მონაწილეები ამ შემთხვევაშიც არასრულწლოვანები არიან.

კომენტარები