ყოველწლიური დაჯილდოება

სულელი უცხოელის პირველი ყოველწლიური დაჯილდოება

მანანა არჩვაძის სახელობის პრიზი არგუმენტირებული პოლიტიკური დებატებისთვის

 
ლაურეატი: ნინო ბურჯანაძე
 
მსაჯულთათვის არ იყო ადვილი იმ ადამიანის შერჩევა, რომელსაც ამ სასურველ, ქართული პოლიტიკის გრანდ-დამის, მანანა არჩვაძის სახელობის პრიზს მიანიჭებდნენ, იმ ქალის სახელობისა, რომელიც აშკარად გამოირჩევა ზომიერებითა და არგუმენტირებული მსჯელობით. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, დაგვეფასებინა ის წვლილი, რომელიც ქალბატონმა ბურჯანაძემ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის გაიღო. დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, თუ როგორ აღიმაღლეს ხმა ნინო ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ გასულ გაზაფხულს დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად და არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ცოტა ხნის წინ კი მან უმაღლესი კლასი აჩვენა იმ დებატებში, რაც კი ოდესმე ჰქონია თანამოაზრეებთან, რომელთა რიცხვიც განუხრელად კლებულობს. ჩვენ კი იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო ბურჯანაძის ერთგვარი
წახალისება იქნება, გააგრძელოს თავისი დიადი კურსი ქართულ პოლიტიკაში და არ მიიღოს მონაწილეობა არც ერთ მომავალ არჩევნებში. 
 

სპეციალური პრიზი საქართველოსა და პორტუგალიას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისათვის

ლაურეატი: საქართველოს დელეგაცია  NATO-ს სამიტზე ლისაბონში 
 
ამ ერთჯერადი პრიზით მსაჯულებს სურთ, გამოხატონ აღფრთოვანება საქართველოს დელეგაციის გასაოცარი საქმიანობით ლისაბონში. მართალია, ეს ამბავი ტყუილი გამოდგა, მაგრამ სამაგიეროდ, პორტუგალიური ტაბლოიდების მილიონობით მკითხველი უკვე ღრმა პატივისცემით ეკიდება საქართველოს „პოტენციას” მსოფლიო ასპარეზზე.
 

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი

 
ლაურეატი: გიგი უგულავა
 
ხაბაზის, ბენზინგასამართი სადგურის მომსახურე პერსონალისა და სამშენებლო უბნის მუშის დრამატული და ამაღელვებელი სახეების შექმნით, გიგი უგულავამ აუდიტორიის – და თბილისის ამომრჩევლების – გული მოიგო. უსაზღვროდ ძლიერი პრეზიდენტ სააკაშვილის ანტიპოდის განსახიერებისას უგულავას მზრუნველმა, მენეჯერულმა ტონმა კრიტიკოსები მოხიბლა. ვცდილობთ გავიგოთ, ითამაშებს თუ არა იგი მომდევნო სერიაში, რომელიც 2013 წლისთვის იგეგმება.
 

საშინელებათა ფილმის საუკეთესო მსახიობი

 
ლაურეატი: დიმიტრი შაშკინი
 
შაშკინის მიერ ბოლო დროს განსახიერებული ბოროტი გრაფი დრაკულა, რომელმაც შიში დათესა საქართველოს სკოლების დირექტორების გულში, ბევრისთვის 2010 წლის ყველაზე თავზარდამცემ მომენტად იქცა. ფილმის ის ნაწილი, სადაც საკუთარ მაგიდასთან მჯდომი შაშკინი ბოროტ მზერას ავლებს იქაურობას და ამბობს, „თქვენ სისხლს დავლევ!”, ქართული კინემატოგრაფიის ყველაზე შიშისმომგვრელ სცენად იქნა მიჩნეული. 

 

ედუარდ შევარდნაძის სახელობის პრიზი დამარცხების თავაზიანი აღიარებისთვის

 
ლაურეატი: ირაკლი ალასანია
 
ამ კატეგორიაში წელს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო – ირაკლი ალასანია, მართლაცდა ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც კი ოდესმე არჩევნებში დამარცხება უღიარებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უკმაყოფილო იყო ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის შედეგებით, ალასანიას მყარი მეორე ადგილი იმის მაჩვენებელია, რომ იგი, ალბათ, ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერია საქართველოში. როგორც თავად ამბობს,  დაშვებულ შეცდომებს ითვალისწინებს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამრიგად, როდესაც ალასანია იმ არჩევნებსაც წააგებს, მისგან დამარცხების უფრო დახვეწილი მანერით აღიარებას უნდა ველოდოთ, ვიდრე ეს მან წელს გააკეთა. 

პრიზი ცხოვრებაში მიღწეული წარმატებისთვის

 
ლაურეატი: სალომე ზურაბიშვილი
 
მსაჯულებს სურთ, ღრმა პატივისცემა და აღფრთოვანება გამოხატონ სალომე ზურაბიშვილის – რომელმაც წელს ქართული პოლიტიკიდან წასვლა გვამცნო – დაუღალავი საქმიანობისადმი. დაძლია რა ფრანგობის თანდაყოლილი ნაკლი, სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მწვერვალზე ასვლა მოახერხა, სადაც მალევე გამოამჟღავნა საკუთარი დიპლომატიური გამოცდილება იმით, რომ შეურაცხყო ყველა, ვისთანაც მუშაობდა და სამსახურიდან თავი მოახსნევინა. შემდეგ მან ისევ დაამტკიცა არაორდინარულობა და გვაჩვენა, რომ შეიძლება ერთკაციანი პარტია გყავდეს. ამ ბრწყინვალე კარიერის აღიარებით, მსაჯულებს სურთ, გამოხატონ პატივისცემა და უსურვონ მას წარმატება ახალი, ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის როლის შესრულებაში. გახსოვდეს, სალომე: „დიალოგი ეშმაკის ენაა!” 

მარკ ზაკერბერგის მედალი ფოტოგრაფიაში

 
ლაურეატი: ვინც ვერა ქობალიას ის ფოტო გადაუღო
 
საქართველოს მდგრადი ეკონომიკის განვითარების ახალი მინისტრი წლის დასაწყისში თვალსაჩინო მაგალითი გახდა იმისა, რომ სანამ ახალ მაღალ თანამდებობას დათანხმდებოდე, უნდა გადაათვალიერო ყველა ის ფოტო, რომელშიც კი ვინმეს ოდესმე Facebook-ზე „დაუთაგიხართ”.  

ჯალალ ად-დინ მანგუბერდის სახელობის პრიზი რელიგიური შემწყნარებლობისთვის

 
ლაურეატი: მალხაზ გულაშვილი
 
გულაშვილი წელს ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გარდა ზემოხსენებული კატეგორიისა, იგი ნომინირებული იყო პრიზზე საუკეთესო ჟურნალისტურისაქმიანობისთვის საკუთარი გაზეთის,   ს, დახურვის გამო – გაზეთისა, რომელიც მართლაცდა ეტაპობრივი მოვლენა იყო ქართული მედიის განვითარებაში. თუმცა, სერიოზული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, აღიარებულიყო მისი ღვაწლი რელიგიათაშორისი დიალოგის და ჰარმონიის ხელშეწყობაში. მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ უპრიანი იქნებოდა, დაეფასებინათ გულაშვილის მოღვაწეობა რადიკალურ მართლმადიდებელ ჯგუფებთან პრიზით, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იმ მედროშის სახელობისაა, მე-13 საუკუნეში თბილისის მეტეხის ხიდზე დიდი შრომა რომ გასწია. 2010 წელს ამ სფეროში შეტანილი გულაშვილის წვლილი, სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად, მის გადაწყვეტილებასაც მოიცავს, წაექეზებინა რელიგიური ფანატიკოსების მცირე ბანდა, დაერბიათ პირდაპირ ეთერში მიმდინარე სატელევიზიო ტოქ-შოუ, რომელშიც მონაწილეობდა; ამის შემდეგ კი მან დაპატიმრება ქვეყნიდან გაქცევით აიცილა თავიდან. მეორე ქმედებამ ბევრად მეტი გააკეთა საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის კლიმატის გასაუმჯობესებლად, ვიდრე რომელიმე სხვამ წლების განმავლობაში. 

ერეკლე დეისაძის სახელობის პრიზი ლიტერატურაში 

 
ლაურეატი: ერეკლე დეისაძე
 
ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ამ პრესტიჟული პრიზის მისი სეხნიისთვის – ახალგაზრდა ქართველი ლიტერატორის, ერეკლე დეისაძისთვის მინიჭება მივიჩნიეთ. ცნობილია რა თავისი მოკრძალებული პროზით, რომელმაც უსამართლოდ დაბალი შეფასება მიიღო, დეისაძე წარდგენილი იქნა იმ საბავშვო ზღაპრების სერიებისათვის, რომლებიც მან წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. ბეჭდვისას სამწუხარო ორთოგრაფიული შეცდომის გამო ზოგმა მკითხველმა წიგნის სათაური არასწორად აღიქვა, თუმცა, დეისაძის კოლეგა-ლაურეატის, მალხაზ გულაშვილის, რეკომენდაციით – და დეისაძის მომავალი ნაწარმოების გამოქვეყნების იმედით – მსაჯულებმა გადაწყვიტეს, პრემია ამ ახალგაზრდა მგოსნისთვის მიენიჭებინათ. 

საუკეთესო ფილმი

 
ლაურეატი: ტელეიმედის მოდელირებული ქრონიკა
 
იშვიათია, მხატვრულმა ფილმმა ისე დაატყვევოს მთელი ერი, როგორც ეს მარტში, ტელეკომპანია იმედმა რუსეთის ხელახალ აგრესიაზე მოდელირებული დოკუმენტური ფილმით მოახერხა. მსაჯულებს სურთ, გამოხატონ განსაკუთრებული აღტაცება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია იმედმა შეძლო ამ სათუთი საკითხის განსაკუთრებული სიფრთხილით გაშუქება, რათა სტრესი ან დისკომფორტი მაყურებლებისთვის აეცილებინა. იყვნენ კრიტიკოსებიც, რომლებმაც ფილმს „არარეალისტური” უწოდეს და „შავი პროპაგანდის აღმაშფოთებელ აქტად” მონათლეს, მაგრამ ის, რომ მთელმა მსოფლიომ ეს ნამუშევარი თბილად მიიღო, მის უზადო დაგეგმვასა და განხორციელებაზე მეტყველებს. 

კომენტარები