შსს-მ გმირთა მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა

პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შოთა გვენეტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს შსს-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ გვენეტაძემ ეთიკის ნორმა ”3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს” დაარღვია.

გვენეტაძის გარშემო სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას გვენეტაძე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე მყოფ ქალბატონს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზარალებული იყო  ეკა მათიაშვილი  - ”ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა სახეში მუშტი ჩაარტყა. მათიაშვილი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანებს ადგილი პოლიციამ ორშაბათს ძალით დაატოვებინა. ვეტერანებმა გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია 27 დეკემბერს დაიწყეს. მოშიმშილეები მძიმე სოციალურ პირობებს  და ხელისუფლების მხრიდან ”უყურადღებობას” აპროტესტებდნენ. 

კომენტარები