იაროსლავ კაჩინსკი: რუსულმა მხარემ ლეხ კაჩინსკის გვამი შეცვალა

სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ 20 დეკემბერს ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, რუსულმა მხარემ მას ძმის ნეშთის ნაცვლად სხვა ადამიანის ცხედარი გადასცა.

იაროსლავ კაჩინსკის თქმით, სმოლენსკში მან გარდაცვლილი ძმა  მხარზე ნაწიბურით ამოიცნო, ხოლო მოგვიანებით, კრაკოვში დაკრძალვის დროს მან ლეხ კაჩინსკის ცხედარი ”ვერ იცნო.” ”ეს იყო ადამიანის ნეშტი, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ჩემს ძმას,” განუცხადა სააგენტო როიტერს იაროსლავ კაჩინსკიმ. მისი თქმით, გარდაცვლილის ოჯახს პრეზიდენტის გვამის ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მოსკოვში იაროსლავ კაჩინსკის განცხადებებს სკეპტიკურად შეხვდნენ. ”ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი ამბავია და მეტი არაფერი,” განუცხადა დღეს სააგენტო ინტერფაქსს ანონიმურმა წყარომ მოსკოვიდან. მისი თქმით, პოლონეთის წარმომადგენლები ცხედრების ექსპერტიზის ყველა ეტაპს ესწრებოდნენ.

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის დელეგაცია 1940 წელს კატინში მომხდარი ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.  მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ კატინთან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა  პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. 



კომენტარები