ფრანკენშტეინის საკვები

70-იან წლებში მსოფლიო პრესა აღტაცებული წერდა იმაზე, რომ ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანები, გავიყინებით. ან გლობალური ბირთვული ომი მოგვკლავს.

წამყვანი გამოცემები – სამეცნიერო-პოპულარული, პირველ რიგში! – გარდაუვალ ახალ გამყინვარებას წინასწარმეტყველებდნენ. ერთ-ერთი სრული სერიოზულობით სთავაზობდა კაცობრიობას არქტიკული ყინულის შავად შეღებვას, რათა მზის სინათლე არ აერეკლა და დედამიწას სითბო შეენარჩუნებინა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს პერუს მთებში მყინვარებს ღებავენ! ოღონდ შავად კი არა  – თეთრად, რათა მზის სინათლე აირეკლოს და სითბო დედამიწაზე არ შეგროვდეს. ერთი კაცთმოყვარე ენთუზიასტის ამ მეცადინეობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და უხარია, რომ დედამიწას ეხმარება.

70-იანების ტექსტებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმ დროს ყველაზე პოპულარული სიტყვები იყო “კატასტროფა”, “გლობალური”, “ზამთარი”, “შიმშილი” და “ბირთვული”. დღესაც იგივეა, ოღონდ “ბირთვული” უნდა შეიცვალოს სიტყვით “ეკოლოგიური”, “ზამთარი” კი “ზაფხულით”. სიტყვები “წამყვან ევროპელ მეცნიერებს მიაჩნიათ” შეიძლება უცვლელად დავტოვოთ.

21-ე საუკუნეში მსოფლიო პრესა აღტაცებული წერს იმაზე, რომ მომავალ თაობებს გლობალური დათბობის შედეგად ადიდებული წყალი დაახრჩობს. ან გენურად მოდიფიცირებული პროდუქტი მოკლავს.

მე რომ მკითხოთ, 40 წელიწადში არაფერი შეცვლილა: პრესას თუ დავუჯერებთ, ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც მოგვეხაზება!

გლობალურ დათბობაზე სხვა დროს დავწერ. ახლა ჩვენი ეკოლოგიური გადაშენების თემა უფრო მაინტერესებს.

პირადად მე გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების მომაკვდინებლობის არ მჯერა.

გენური ინჟინერია არის სურსათის წარმოების რევოლუციური გზა, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ პროდუქტი – უფრო კარგი თვისებებით, ან უფრო იაფი, ან ორივე. მცენარის სხვადასხვა გენების მანიპულირების მიზანია მცენარის მოსავლიანობის, ან დაავადებებისა და პარაზიტებისადმი მდგრადობის გაზრდა, ან ორივე. 

ვაშლატამა ხომ გაგისინჯავთ? ბუნებრივად მომხდარი გენური მოდიფიკაციის შედეგია. ადამიანის მიერ გენურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს (ძირითადად, სიმინდსა და ბრინჯს) კი მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანი მოიხმარს ყოველწლიურად. ეს ბოლო 20 წელია, მათ შორის ჩვენც. 

აქვე უნდა ვთქვა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ეხება მხოლოდ მცენარეებს. მოდიფიცირებული ცხოველური ცილები ბაზარზე არ არის, მით უმეტეს სამარხვო პროდუქტებში (ეს “თეორიაც” პოპულარულია!). ვინც ამას ამბობს, უბრალოდ იტყუება ან არ იცის, ან ორივე!

არც ერთი, თუნდაც “წამყვანი ევროპელი მეცნიერების”, გამოკვლევა არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა გენმოდიფიცირებული პროდუქტების ადამიანისთვის მავნებლობას. სინამდვილეში, ადამიანის ორგანიზმისთვის სულერთია, თუ როგორი “პერსონალური” ისტორია ჰქონდა მის მიერ შეთვისებულ ნივთიერებებს. “გენმოდიფიცირებული” (მაგალითად, ნორმალურზე ორჯერ დიდი ტევადობის) დოქიდან იგივე საფერავი რომ დალიოთ, ამით რა შეიცვლება თქვენი სიმთვრალის ხარისხის თვალსაზრისით?

უსაფრთხო თუ არ არის, ასეთი აჟიოტაჟი საიდან? პირველ რიგში, ირაციონალური შიშისგან. ხომ გაგიგიათ, რომ ეშმაკისეულია, რომ ამერიკას ქართველი ერის განადგურება უნდა და მრავალი სხვა ამისთანა სისულელე? პანფობია (ყოველგვარი ახლის შიში) ზოგადად ადამიანებისთვის დამახასიათებელია: ხან მომავალი სიცივის გვეშინია, ხან სიცხის; ხან ღორის ან ქათმის გრიპის, ხან ოზონის ხვრელის. მოსალოდნელ კატასტროფებზე ბოლო 100 (და მეტი!) წელია ლაპარაკობენ, ყოველი ახალი თაობა – თავისაზე. არ გამიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობა უაღრესად საშიში ძროხის ანგინის პანდემიის საფრთხის წინაშე დადგება!

როგორც იტყვიან, ამ ირაციონალურ შიშებს “მავანნი იყენებენ”. მაგალითად, სენსაციების მადევარი პრესა. ან ორთოდოქსი ტრადიციონალისტები, ან ევროკომისიის, გაეროსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებში უსაქმური ბიუროკრატები, რათა საქმე ჰქონდეთ და მათ მაღალ ხელფასებს კი – გამართლება. ბიუროკრატები ამ მხრივ უფრო მავნებელნი არიან, რადგან არარსებულ პრობლემებს ჯერ იგონებენ, მერე კი მათ გადაწყვეტაზე ზრუნავენ. მაგალითად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების სავალდებულო მარკირების გზით.

დავიწყოთ იქიდან, რომ თავისუფალი ბაზრის მუშაობაში ჩარევა სახელმწიფოს საქმე არ არის: თუ მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფს უნდა, რომ დანამდვილებით იცოდეს პროდუქტის წარმოშობა, მოთხოვნა/მიწოდების ფუნდამენტური კანონის თანახმად, აუცილებლად გაჩნდება პროდუქტის ისეთი მიმწოდებელი, რომელიც მის წარმოშობის დამადასტურებელ მარკირებაზე იზრუნებს. ხომ გინახავთ, ღვინის ბოთლებს რომ აწერია, ამა და ამ ვენახიდან არის ყურძენიო. ამას ხომ ყოველგვარი კანონის გარეშე აკეთებენ? აქაც იგივე იქნება.

გარდა ამისა, სავალდებულო მარკირება ფული ღირს. ანუ პროდუქტები გაძვირდება. ამ გაძვირებას გაინაწილებენ მომხმარებლები და ბიუჯეტი, ანუ ისევ მომხმარებლები, როგორც ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელები. არ მესმის, რატომ მაიძულებენ მე, რომელსაც არ აინტერესებს პროდუქტების გენეტიკური ბიოგრაფია, გადავიხადო მეტი სხვისი ირაციონალური შიშების გამო?

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, სავალდებულო მარკირების ეფექტიანად გაკონტროლება წარმოუდგენლად ძნელია. მაგალითად, პატარა სალობიოებში მჭადის  მარკირება როგორ გავაკონტროლოთ? ალბათ, მოგვიწევს ახალი, გენეტიკური პოლიციის ჩამოყალიბება, რომელიც მოედება ქალაქებსა და სოფლებს...

ერთი სიტყვით, “ფრანკენშტეინის საკვებზე” ლაპარაკი სრულიად უსაფუძვლოა. მით უმეტეს, რომ თვითონ ფრანკენშტეინი გენმოდიფიცირებული არსება კი არა, არამედ ადამიანის ირაციონალურ შიშებზე მოთამაშე ფანტაზიური ქმნილებაა, რომელზეც დაწერილი წიგნები და გადაღებული ფილმები, სხვათა შორის, ძალიან კარგად იყიდება. 

კომენტარები