სან ანტონიოს ხუთი მიზეზი

შაკი თავისი დომინაციის დროს ამ გუნდის ლიდერებს წიკვინა ქალიშვილებს ეძახდა, დომინიკ უილკინსმა ტეხასში გატარებული პერიოდი გეტოს შეადარა და რეი ალენმა 5 წლის წინ პარალელი სპურსს და ბორდელს შორის გაავლო. 

სან ანტონიო არ არის პოპულარული, სან ანტონიო მტვრიანი ტეხასია და სან ანტონიო ბოლო დეკადაში, NBA-ს საუკეთესო ფრენჩაიზია. 
 
ტიმ დანკანის ერაში დეზებმა ოთხჯერ დაირტყეს ჩემპიონის ბეჭდები, ადმირალ რობინსონი 2003-ში ჩემპიონად გააცილეს და წელს ლიგის მთავარ სენსაციებშიც დასეირნობენ. დინჯად, მშვიდად აკეთებენ გასაკეთებელს და პირველი 13 VS-დან 12 მოიგეს, რაც სპურსის ისტორიაში საუკეთესო სტარტია. გრეგ პოპოვიჩის გუნდის წარმატების ხუთ ძირითად მიზეზზე გავისაუბროთ.
 
 
სწრაფი ტემპი
 
სან ანტონიოს დაცვაში ჩაჯდომა და სადისტური დაცვა წარსულშია. სპურსს აღარ ჰყავს ბრიუს ბოუენი, ანუ კობი ბრაიანტს მოედნის საკუთარ ნახევარზე არავინ ატაკებს თვალში თითს და ლებრონს ყურზე არ უკბენენ. 
 
სან ანტონიოს დაუბერდა მთავარი დამცველი, ტიმ დანკანიც. ამის გათვალისწინებით, პოპოვიჩმა ყველაზე მარტივი გამოსავალი მონახა – მანუ ჯინობილი გუნდის ჯოკერი გახდა, ტონი პარკერი ბოლომდე დაიქოქა, რიჩარდ ჯეფერსონმა მოტივაციის ლექციებზე დასწრება გააუმჯობესა. ერთობლიობაში, ამით სან ანტონიოს კალათბურთი სწრაფი, მოქნილი, რთულად გასაშიფრი გახდა. 
 
სპურსი ხუთი კაცით გარბის და ხუთი კაცით იცავს თავს. დანკანი ასაკშია, მაგრამ კოორდინაციის და გამძლეობის პრობლემა ჯერ არ აქვს. მშვენივრად ჩაჯდა გუნდის სქემებში ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერი. სან ანტონიო ერთ მატჩში აღებული ქულებით მეორეა (107.2), რაც დანკანის გუნდში მისვლის შემდეგ არ ყოფილა. 
 
 
რიჩარდ ჯეფერსონი
 
შარშან ჯეფერსონი აუტანელი, ზარმაცი, ზედმეტად ამბიციური იყო.
 
წელს ჯეფერსონი საყვარელი, ბუნჩულა, მაგრამ მაინც ზედმეტად ამბიციურია. 
 
პოპოვიჩის დაცვით ხაფანგებში რიჩი უკვე თავის როლს ასრულებს, სხვას ხელს არ უშლის და ტიმის ცოლსაც ღამის კლუბში არ ეპატიჟება (შარშან დაპატიჟა და ოთხი კბილი დაკარგა).
 
რიჩარდმა შარშან საშუალოდ 12.3 ქულა აიღო, წელს კი ამაზე ბევრსაც აგროვებს, მშვენივრად ისვრის სამიანებს და რვაჯერ 18 და მეტი ქულით დაასრულა მატჩი. 
 
 
ჯინობილი სასტარტო ხუთეულში
 
მანუ გრეგის ნებისმიერ დავალებას ასრულებს. მანუ გენიოსია, მანუ გრეგის ძაღლს ასეირნებს, მანუ ტონისთვის ევაა და მანუ წელს მთელი გუნდია. 
 
პოპოვიჩმა პირველი ორი ჩემპიონობა სათადარიგო არგენტინელით მოიგო, მერე მანუ სასტარტო ხუთეულში დააყენა და ბოლოსკენ ისევ ექსპერიმენტების ბილიკისკენ გაუხვია. 
 
დღეს ჯინობილი პირველი ხუთეულის პერმანენტული წევრია, მანუ კარიერაში ყველაზე პროდუქტიულ სეზონს ატარებს და ამის ხარჯზე, პოპოვიჩი დანკანს 30 წუთზე ნაკლებს ათამაშებს. შარშან, მანუ მეექვსე კაცი იყო და სპურსმა რეგულარულის სტარტი (6:6) ჩააგდო. წელს ჯინობილი სასტარტოშია და ყველაფერი შეიცვალა. 
 
 
ბონუსი: გრაფიკი
 
ინდიანა, კლიპერსი (ორჯერ), ჰიუსტონი, შარლოტი, ფილადელფია, კლივლენდი. სან ანტონიომ რეგულარულის პირველ სემესტრში ამ ცუდ მესპარინგეებთან  წაივარჯიშა, პროცესში კი რამდენიმე ძლიერ გუნდსაც აჯობა. 
 
ოკლაჰომას, იუტას, ფინიქსს და ორლანდოს სერიოზული ხალხი ჰყავს. სპურსმა ყველას მოუგო და ერთადერთხელ დამარცხდა (ნიუ ორლეანთან). გრაფიკიც სან ანტონიოს ეხმარება. 
 
 
ახალი გენერაცია
 
პოპოვიჩი რაციონალურად ანაწილებს ყველას სათამაშო დროს. გრეგმა მიქსტში მოურიდებელი ღლაპებიც გაურია და სან ანტონიო ლიდერებს დიდი ხნით ასვენებს. 
 
სპლიტერით (25), გარი ნილით (25), ჯეიმს ანდერსონით (21), ჯორჯ ჰილით (24) და დეკუან ბლერით (21) პოპოვიჩმა ყველაზე სწრაფი და ახალგაზრდა მეორე შემტევი რუსტერი შეკრა. 
 
სტატისტიკის მხრივ, გაუცვეთავ დეზებში ყველაზე კარგია ჰილი, რომლის საშუალო სტატისტიკაც 8.5 ქულა, 2.6 მოხსნა და 2.4 შედეგიანი გადაცემაა. ჰილი ამათში ყველაზე სტაბილურია, სპლიტერი – ყველაზე გამოცდილი (შარშან ესპანეთის ჩემპიონატის MVP გახდა და კახა ლაბორალს ჩემპიონობა დაუტოვა) და ბლერს ყველაზე მძიმე უკანალი აქვს. ჩარლზ ბარკლიზე მძიმე. პოპოვიჩმა ამაშიც ჯეკპოტი მოხსნა. 
 

კომენტარები