საქართველოს ამერიკელი მეგობრები

მარუსა ჭავჭავაძე ყოველ ზაფხულს ბებია-ბაბუას ქეიფ კოდში (მასაჩუსეტსი) სტუმრობდა. ბაბუა პოლი, ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, წინაპართა შესახებ შვილიშვილებს საინტერესო ამბებს მოუთხრობდა ხოლმე. 1977 წელს მამამ, დავით ჭავჭავაძემ, მარუსა საქართველოში ჩამოიყვანა. წინანდალიც მოინახულეს. მარუსა გაოცდა, როდესაც ერთ-ერთ კედელზე ბაბუამისის ფოტოსურათი შენიშნა. თუმცა, გიდი, პოლ ჭავჭავაძის წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დუმდა. მოგვიანებით მარუსამ შეიტყო: გიდი საგანგებოდ გაუფრთხილებიათ, ქართველ-ამერიკელი თავადებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ და რიგითი ტურით შემოფარგლულიყვნენ. 

პოლ ჭავჭავაძე საქართველოდან 1919 წლიდან წავიდა. თავადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები ამერიკაში დამკვიდრდნენ. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მარუსა ხშირად (წელიწადში ერთხელ მაინც) ჩამოდის საქართველოში. ამის მიზეზი საერთო საქმეა, რასაც იგი სხვებთან ერთად აკეთებს. ყველაფერი კი ასე დაიწყო... 1994 წელს ქართველი ემიგრანტის შთამომავალმა, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავმა, მარუსას საქველმოქმედო საზოგადოების – საქართველოს ამერიკელი მეგობრების – დაარსებაში თანამშრომლობა სთხოვა. მარუსა დათანხმდა, მაგრამ ღელავდა, რადგან მანამდე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონია. 
 
1995 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის დავალებით მარუსა საქართველოში ჩამოვიდა. მას უნდა დაედგინა ის ჯგუფები, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებდნენ. მარუსა იხსენებს საავადმყოფოში სტუმრობის დღეს, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები ნახა. პატარები დედებს ხელში აკვდებოდნენ. მარუსა კასპის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლსაც სტუმრობდა, სადაც ზამთარში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოცდაოთხი ბავშვი შიმშილისა და სიცივისაგან გარდაიცვალა. – „ეს იყო საშინელი გაჭირვება, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ამას თან უშუქობაც ახლდა და  ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს ბნელი ხანა დაბრუნდა”.  
 
ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას საქართველოშიც ჰყავს პარტნიორები.  საქართველოში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლენა კილაძეა. იმ პერიოდში ორგანიზაციისთვის ნათელი იყო, რომ მათ მხარდაჭერას ყველაზე მეტად ბავშვები, იძულებით გადაადგილებული პირები და ხანდაზმულები საჭიროებდნენ. სწორედ ამიტომ, განხორციელებული პროექტები ძირითადად მათი დახმარებისკენ იყო მიმართული.
 
ერთ-ერთი პირველი ძეგვი-ბედიანის პროექტი ამუშავდა. საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიანში 12 სახლის შეძენა მოახერხეს, სადაც 120 მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთან ერთად აღმზრდელ-პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. მათ თელავში შეიძინეს სკოლის შენობა, სადაც ინკლუზიურ სწავლებას ჩაეყარა საფუძველი. ქრონიკული დაავადების მქონე ხანშიშესულთათვის ფერისცვალების მონასტრის ტერიტორიაზე დაარსდა პალეატიური მზრუნველობის ცენტრი. აქვე ჩამოყალიბდა განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მედდების სახელობო სასწავლებელიც; 1995 წლიდან Project Hope-თან ერთად რამდენიმე პროექტი განხორციელდა – სამედიცინო კლინიკები თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მედიკამენტებით უზრუნველყვეს; ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი ლეიკემიით დაავადებულთა მშობლებისთვის აშენდა სახლი. 
საქართველოს ამერიკელი მეგობრები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარნენ შეეძინათ გარკვეული უნარები (ინგლისური, კომპიუტერი, სტილისტიკა, კოსმეტოლოგია, მასაჟი, მინანქარი, კერამიკა...). პროექტი კვლავ გრძელდება ნიქოზში, სადაც მოსახლეობა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება – დაარსდა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის სასწავლებელი, სადაც დღესდღეობით 18-40 წლის 300-მდე ადამიანი იღებს განათლებას; წარჩინებულებს კი საშუალება აქვთ გერმანიის, პოლონეთისა და ინგლისის საუკეთესო სკოლებში გააგრძელონ სწავლა.
 
საქართველოს ამერიკელი მეგობრების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფილანთროპიის პროპაგანდაა. „მარტო სახელმწიფო ვერ მოახერხებს დაძლიოს ის სოციალური პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს. თითოეული ადამიანის, თითოეული ბიზნესორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა ჩაერთოს ამ პროცესში”, – ამბობს ლენა კილაძე. სწორედ ქველმოქმედთა დახმარებით მოხერხდა პროექტების განხორციელება და თითოეული ადამიანის დახმარება. ლენა კილაძის თქმით, ბიზნესმენების მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ქართველი მხატვრები ხშირად უსასყიდლოდ გადასცემენ თავიანთ ნახატებს, რითაც ძველი პროექტების გაგრძელებასა და ახლის დაწყებაში შეაქვთ წვლილი. საქართველოს ამერიკელი მეგობრების მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოზე მხატვარ გია გუგუშვილის ნახატი აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა შეიძინა, ხოლო გოგი ალექსი-მესხიშვილის ნახატი 7 625 დოლარად გაიყიდა.   
 
საქართველოს ამერიკელი მეგობრები საქველმოქმედო საღამოებსა და გამოფენა-გაყიდვებს ამერიკაშიც ხშირად აწყობენ. ამ გზით ისინი ქართული კულტურის პროპაგანდას ცდილობენ. მარუსა ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაცნობით ბიზნესმენები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოთი და დახმარების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდებათ. კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი კი ფიქრობს, რომ ქართული ფილანთროპია ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, დახმარება კი კიდევ ბევრს სჭირდება.

კომენტარები