მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება

თითქმის 1123 წლის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. „მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა და დიდი კრების ჩატარება არ ითმენს და მისი შეფერხება ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტსა და სიმტკიცეს ღრმა ჭრილობას მიაყენებს,” - ეს სიტყვები მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა 2009 წელს წარმოთქვა შამბეზეში. მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.
იცხოვრო მთელი ათასწლეული მის გარეშე, ადვილი არ არის. მართლმადიდებლებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი უუნარონი არიან, მოიწვიონ მსოფლიო კრება და უპასუხონ ახალი დროის გამოწვევებს. „გაქრა იმპერატორი - გაქრა კრება!” ეს ბრალდება პროტესტანტულია, ხოლო „გაქრა პაპი - გაქრა კრება” - კათოლიკეთა საყვედური. 1054 წელს „დიდი სქიზმის” შემდეგ დასავლელმა კათოლიკეებმა კიდევ თოთხმეტი მსოფლიო კრების მოწვევა მოასწრეს, ხოლო აღმოსავლელმა მართლმადიდებლებმა - არც ერთის.
კრებას, როგორც წესი, იმპერატორი იწვევდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს კი სახელმწიფო კანონის ძალა ენიჭებოდა. იმპერატორი სახელმწიფოს ერესისგან იცავდა. თუ მართლმადიდებელი ეკლესიები მერვე კრების მოწვევას შეძლებენ, ის იქნება პირველი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორისა და რომის ეპისკოპოსის გარეშე ჩატარდება.
იმის გამო, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰყავს ერთი საჭეთმპყრობელი და ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, სავარაუდოდ, კრებას დაძაბულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა. „ავტოკეფალური ეკლესიების შექმნის შემდეგ ჩვენ ხშირად გვთვლიან ეკლესიების გროვად და არა ერთიან ეკლესიად... ავტოკეფალია არ უნდა იქცეს ავტოკეფალიზმად!” მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამ სიტყვებით თანასწორთა შორის საკუთარ უპირატესობას გაუსვა ხაზი. უპაპო ეკლესიაში სწორედ კონსტანტინოპოლის საყდარს აქვს პრივილეგია, მოიწვიოს მსოფლიო კრება. თუმცა, რაში მდგომარეობს მისი სხვა უპირატესობანი დანარჩენ ავტოკეფალიებთან მიმართებაში, სადავო საკითხია. თუ რუსეთში თვლიან, რომ მათი ავტოკეფალიის მიღმა მცხოვრები რუსი მართლმადიდებლები სწორედ მათ უნდა ემორჩილებოდნენ, მსოფლიო საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ყველა მართლმადიდებელი, რომელიც საკუთარი ავტოკეფალიის მიღმა ცხოვრობს, მსოფლიო საპატრიარქომ უნდა დამწყემსოს. ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა კარგად იცის რუსული მადის შესახებ და მსოფლიო კრების ავტორიტეტით ამ საკითხის გადაწყვეტას შეეცდება.
მომავალი კრების წინააღმდეგ არაერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მრევლის კონსერვატიულმა ნაწილმა გაილაშქრა. საქართველოში სკანდალურად ცნობილმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმაც არ დააყოვნა და მოსალოდნელ კრებას „ავაზაკთა” და „განდგომილთა” უწოდა. მათი აზრით, კრების მოწვევა აუცილებელი არ არის და ის რეფორმატული ხასიათის იქნება. კავშირისთვის საკმარისი არ არის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა კრებაზე. ის აუცილებლად მიიჩნევს, კრებამ უერთგულოს წინა საეკლესიო კრებების კანონებს, რომლებიც, მაგალითად, თეატრში წასვლასაც კი კრძალავს.
კანონიკა შეიძლება შერბილდეს - ეს უკვე პრაქტიკაა. საუკუნეების წინ მიღებული კანონები ახალ დროში იშვიათად სრულდება. მაგალითად, თუ ადრე მრუშობისთვის მრევლს 7-დან 14 წლამდე ზიარებისგან განყენება ელოდა, დღეს მხოლოდ რამდენიმეთვიანი სასჯელით იფარგლებიან. კანონიკის ინტერპრეტაცია კი დღეს ყველას შეუძლია, ვისაც ეს არ ეზარება.
საუკუნეთა მანძილზე მსოფლიო საეკლესიო კრება საკუთარ გადაწყვეტილებებს რომელიმე ჯგუფის აზრს კი არ უთანხმებდა, არამედ თავად იყო ჭეშმარიტების განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ მმკ-ს ეკლესიის დატოვება მოუწევს, თუ იქ მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.
მსოფლიო კრება მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი მმართველი ორგანოა. აქამდე ჩატარებულმა შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებამ სულიწმიდის სახელით გამოიტანა დადგენილებები და, წმინდა წერილზე დაყრდნობით, დოგმატიკა და საეკლესიო სამართალი შექმნა.
პირველი კრება 325 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მოიწვია ნიკეაში, ალექსანდრიის ეპისკოპოს კირილესა და არიოზს შორის შიდასაეკლესიო განხეთქილების აღმოსაფხვრელად. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეკრული სახარების კანონიკური წიგნები. არიოზი ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა და მიიჩნევდა, რომ იესო მხოლოდ ღმერთის უმაღლესი ქმნილება იყო და არა განკაცებული ღმერთი. მისი შეხედულებები იმ დროისთვის მთელ იმპერიაში იყო გავრცელებული და არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა. 318 ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი შეიკრიბა ნიკეის სასახლეში, იმპერატორის მეთვალყურეობის ქვეშ. მრავალი მათგანი სულ ახალი დაბრუნებული იყო საკნიდან, სადაც მათ არაქრისტიანი იმპერატორები ამწესებდნენ - ახლა კი დრო შეიცვალა! რამდენიმე დღის მანძილზე კრებამ ვერ შეძლო, ლოგიკურად დაემტკიცებინა არიოზის შეხედულებათა ცდომილება, რის გამოც მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, ნიკოლოზმა, გადმოცემის მიხედვით, არიოზს სახეში ჩაარტყა. ამის გამო მას დროებით შეუჩერდა მღვდელმოქმედება. ნიკეის კრებამ არიოზის სწავლება ერესად გამოაცხადა და პირველი სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსი” ჩამოაყალიბა. ენობრივი თვალსაზრისით ის შემდგომმა კრებამ სრულყო.


 

კომენტარები