მიხოიზმი

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მაღაზია გახსნა, რამდენიმეთვიანი მზადებისა და მძიმე შრომის ნაყოფი. შევთავაზე, წვეულებით დავაგვირგვინოთ, დავპატიჟოთ ბევრი ხალხი, ახალი ბიზნესი გავახმაუროთ-მეთქი. „არა, - მიპასუხა, - მეშინია, მეტისმეტად ჭარბად არ მოვიზიდო კლიენტებიო”.

ეს გაუკუღმართებული მიდგომა კაპიტალიზმთან იმდენად უჩვეულო და თავისებურია, რომ, საქართველოს გარდა, არსად შემხვედრია. აუცილებელი არაა, ჰარვარდის ბიზნესსკოლა გქონდეს დამთავრებული, რომ მიხვდე - რაც მეტი კლიენტია, მით უკეთესი შენი გაყიდვებისთვის. თუ ძალიან ბევრი მუშტარი გყავს, შეგიძლია ფასიც აწიო. მაგრამ საქართველო ის ადგილია, სადაც მოთხოვნა-მიწოდების ფუნდამენტური კანონი უბრალოდ ფეხს ვერ იკიდებს.

ავიღოთ მაგალითად უძრავი ქონება. თბილისში ასობით ცარიელი ბინაა, რომელსაც არავინ ქირაობს სიძვირის გამო. ნებისმიერ ნორმალურ ადგილას, რაღაც, სახელად „ბაზრის ძალა”, მფლობელებს აიძულებდა, ფასი დაეგდო. მაგრამ ეს ხომ საქართველოა, სადაც ადამიანებს ურჩევნიათ, საერთოდ არ იშოვონ ფული, ვიდრე თავი მოტყუებულად იგრძნონ, როცა ფასს დააკლებენ. თუ ბიძაშვილ გიორგის აქვს ბინა, რომელიც 500-ად გააქირავა, მაშინ მე რატომღა ავიღო ნაკლები. მერე რა, რომ ცოტა წყალი ჩამოდის და საპირფარეშო გარეთაა - აი, ლოგიკა.

ბევრი ქართველისთვის მუშაობა ფულის სანაცვლოდ იგივეა, რაც მანქანაში უსაფრთხოების ქამრის გაკეთება - რა საჭიროა, თუ შეგიძლია თავიდან აიცილო. ნაცნობ ოჯახს „დაჩა” აქვს ერთ ღარიბ სოფელში. თითქმის არავინაა იქ ოფიციალურად დასაქმებული, სიდუხჭირეა. მაგრამ როცა ოჯახმა დაიწყო ვინმეს ძებნა, ვისაც უხვად გადაუხდიდა ბაღის მოვლის სანაცვლოდ, არავის გამოუთქვამს სურვილი. არადა, საუბარია მთის, მუშა, ყაირათიან ხალხზე. ნებისმიერი მათგანი სიამოვნებით შეგიკეთებთ სახურავს, მოგიჭრით ხეს, მაგრამ როგორც კი საქმეში ფული ერთვება, რცხვენიათ - ამბობენ, ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო.

ფულის აღებისადმი ამრეზით ყურება ქართულ ფოლკლორშიცაა ასახული. გახსოვთ ძველი ანეკდოტი, მოგზაური კაკლის ჩეროში წამოწოლილ მიხოს რომ გადააწყდება და ნიგვზის მიყიდვას სთხოვს? მიხო იუარებს. მოგზაური ეუბნება, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდი, იმდენს მოგცემ, რომ ქვეყნის ზურგზე საზრუნავი აღარ გექნებაო. მიხო პასუხობს: აბა შემომხედე, განა ახლა მაქვს რამე საზრუნავიო?

საქართველოში გარდაცვლილი სოციალიზმის ადგილი ოცი წლის შემდეგ სხვა სისტემამ დაიკავა, მაგრამ, მოლოდინის საპირისპიროდ, ეს ახალი სისტემა არ არის დასავლური ტიპის კაპიტალიზმი. ქართულ ეკონომიკურ სისტემას არც მარქსის ფილოსოფია უდევს საფუძვლად. ის კაკლის ქვეშ გაწოლილი მიხოს ფილოსოფიას ეყრდნობა და ამ ფილოსოფიას ჰქვია მიხოიზმი.

კომენტარები