ხიჭვი ანუ სტალინის ბოლო გადასახლება

„განათების მიზეზი ხარ,
მიწას შენი შერჩა შუქი,
სამოცი მზის ფრთებზე ზიხარ,
ვით ზღაპრული მზეჭაბუკი”.

სტალინისადმი,
ალექსანდრე აბაშელი


თბილი საღამოა. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ნაწილი ხალხით გავსებულა. ადამიანები დუმან და თავები აუღერიათ. აქა–იქ ხმადაბალი საუბარი ისმის. იგრძნობა მსუბუქი დაძაბულობა. მოედანზე აღმართულ ძეგლს დიდი ამწე მისდგომია. მუშები სკულპტურას სქელ ტროსს ახვევენ. ფუყე ტოტემი მალე დაემხობა. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აცნობა, ძეგლს ავიღებთო. მარიამობა დღე დგას. ოღონდ 1990 წელია. 
ლენინის ძეგლი მუხლში გადატყდა და ისე დაემხო პირქვე. იქ მყოფ ადამიანებს არ ეტყობოდათ, რომ დიდი შვება და სიხარული იგრძნეს. უხმოდ, თითქოს შეფიქრიანებულნი დაიშალნენ.
20 წლის წინანდელისგან განსხვავებით, სტალინის ძეგლი აიღეს უხალხოდ, უპიაროდ, წყნარად. სწორად ქნეს. და აი, რატომ:
არა იმიტომ, რომ „მოსახლეობის ეშინოდათ”. მოსახლეობისა ხელისუფლებას თუ მაინცდამაინც ეშინოდა – უფრო არჩევნებამდე, როცა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო თავის ლეგიტიმაციაში. 30 მაისს მიღებული მანდატი, ხელისუფლებას, იმედია, არა მარტო ძეგლის აღებისას მიანიჭებს გაბედულებას.
მეორეც, ხელისუფლებამ, ჩანს, უარი თქვა იაფფასიან და სარისკო პიარზე. „ძეგლებს ეომებიან, მეტის თავი არ აქვთ”, „ხალხს არაფერს ეკითხებიან” (მაშინ ჰკითხეს, კი, სტალინის ძეგლს რომ დგამდნენ), „ძეგლის ხელყოფა არნახული ვანდალიზმია” (რაღაც მსგავსი უკვე მოასწრეს და თქვეს ლეიბორისტებმა), „ეგენი სტალინის ძეგლში თავის კომპლექსებს ებრძვიან” (საქართველოში ბოლო დროს არ ჭირს სამოყვარულო ფსიქოანალიზის ვარსკვლავები), „მთავარია, სტალინი ჩვენი თავებიდან გავიტანოთ” (ჰო, მაგრამ საეჭვოა, ძეგლის დარჩენა ამას ხელს უწყობდეს) – ამგვარ დისკურსს უნდა შებმოდა გამოწერილი ჭეშმარიტებები სტალინის „კაიკაცობის” შესახებ?
ესეც არ იყოს, ძეგლის დადგმა იქნებოდა ეს, გადაადგილება თუ აღება – საჯაროდ ამის კეთებას ყოველთვის მოჰყვებოდა ღრმა ან ნაკლებაზრიანი კრიტიკული სჯანი – ესთეტიკით დაწყებული, მისტიკით გაგრძელებული და დემოკრატიით დამთავრებული. დისკუსია ხშირად ისეთ დონეზე მიდიოდა, რომ მასში ჩართვით უფრო წააგებდი, ვიდრე ჩაურთველობით. მით უმეტეს, ხელისუფლების ზოგი სვლა ამ მიმართულებით ულაპარაკოდ მარცხიანი იყო (იხ. გიგანტური მამალო – ნ. ლადარიას დეფინიციაა – თავისუფლების მოედანზე). ამ ჯერზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხელისუფლებამ მოილია თითქმის ერთი წლის მანძილზე ნაწყვეტ–ნაწყვეტ მიმდინარე დებატები სტალინის ძეგლის აღება–დატოვების შესახებ. ყველა პოზიცია განაწილდა, ამ საკითხზე კამათს შეუძლებელია სიმწვავე ახლდეს. თან მსოფლიო ჩემპიონატია. მედიის ნაწილს ორდღიანი ისტერიაც არ გამოუვა.
და კიდევ, არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ამ ხელისუფლებას სტალინი ესიმპათიურება და აქამდე იმიტომ უფრთხილდებოდა. ძეგლის აღებისას ხელისუფლება ისევე გულწრფელი იყო, როგორც ამ ნაბიჯის მოწონებისას ასიათასობით ჩვენი მოქალაქე.
შარშან ივლისში მოქალაქეთა ჯგუფმა შეადგინა ტექსტი, სადაც ცხადად იყო გამოხატული დამოკიდებულება სტალინის ძეგლისადმი. აი ისიც:
ახლოვდება ერთი წლისთავი იმ დღიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ საქართველოს.
ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო.
გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი – ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.
სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება – მუზეუმში.
გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება.
თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში – ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინააღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას.
გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი.
სტალინის ძეგლი ალბათ მალე დაიდებს ბინას სტალინისავე მუზეუმში, რომლის ეზოშიც მისი ერთი პატარა ძეგლი უკვე დგას, ხოლო შენობაში ქვაში ნაკვეთი ჯუღაშვილის დიდი ზომის თავია. მაგრამ მუზეუმში სკულპტურის მხოლოდ გადატანა საკმარისი არ არის. შესაცვლელია მუზეუმის კონცეფციაც. იქ მისულ მნახველებს, სტალინის ნივთებისა და მეტ–ნაკლებად ისედაც ცნობილი ბიოგრაფიული დეტალების გაცნობის გარდა, უნდა უამბობდნენ, რას წარმოადგენდა იოსებ ბესარიონის ძე.
„საბჭოთა ხელისუფლება – ეს არის ორგანიზებული სამოქალაქო ომი” – ღიად აცხადებდა თვალსაჩინო ბოლშევიკი ლევ ტროცკი. ბოლშევიკებმა, შეიძლება ითქვას, იმიტომაც მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რომ სამოქალაქო ომი გაეჩაღებინათ. ომი რომ მოილიეს, მალე აღმოჩნდა, რომ სსრკ–ში ჰიპერინფლაციის შედეგად, 1917 წელთან შედარებით, ფასები 100 მილიონჯერ (!) მომატებულიყო.
სტალინმა მოიფიქრა ნომენკლატურა – შექმნა კომუნისტ ფუნქციონერთა კარტოთეკა, რომლებიც ვარგისად მიაჩნდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამუშაოდ და არგუნა მათ სხვადასხვა სიკეთე: სპეცმაღაზიები, სპეცმკურნალობა, სპეცკურორტები და სპეცმკერავებიც კი. პრივილეგირებული ელიტის შექმნის პოლიტიკამ მომდევნო 70 წელი შეინარჩუნა საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ, სოციალური თანასწორობის კომუნისტური იდეალი იმთავითვე აქცია ცარიელ სიტყვებად. მეტიც, სტალინის შემდეგ სწორედ ასეთი „თანასწორობა” იქცა კომუნიზმის სტანდარტად.
სტალინმა მოიფიქრა ორი საშუალება კოლექტივიზაციის განსახორციელებლად: 1. გაჟუჟა საშუალო და მეტი შეძლების გლეხები და 2. დანარჩენები აქცია სახელმწიფოს მონებად. 1932 წელს გამოსცა დეკრეტი, რომელიც სიკვდილით სჯიდა ან 10 წლამდე ციხეს უსჯიდა რამდენიმე თავთავის მომპარავსაც კი. გლეხთა წინააღმდეგობის გასატეხად უკრაინაში, ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში 1932–33 წლებში სტალინმა ხელოვნურად გამოიწვია შიმშილი, მთელი მოსავალი წაართვა გლეხებს, ხოლო რეგიონებს არმიის ნაწილებით ალყა შემოარტყა, რათა მშიერი ხალხი საშოვარზე სხვაგან არ წასულიყო. მარტო ამ ნაბიჯმა 7 მილონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყაზახეთის მოსახლეობის ერთი მესამედი გაწყდა.
მეოცე საუკუნის 30–იანი წლების „წმენდა” – ეს იყო განუკითხავი ტერორი, რომელსაც ისტორიაში ვერაფერი შეედრება, ვერც სისასტიკით და ვერც მსხვერპლთა რაოდენობით. სტალინი პირადად უძღვებოდა ამ კამპანიას და თავის ბრძანებულებებში ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვდა, იქამდე ეწამებინათ პატიმრები, სანამ „დანაშაულს” არ აღიარებდნენ. სტალინური პოლიტბიურო უშიშროების სამსახურს უწესებდა „კვოტებს”, სადაც უთითებდა, რაიონის მოსახლეობის რა პროცენტი უნდა დაეხვრიტათ და გაეგზავნათ ბანაკებში (მაგალითად, 1937 წლის 2 ივნისს განსაზღვრეს რეპრესიების კვოტა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის – 35 ათასი კაცი, საიდანაც 5 ათასი უნდა დაეხვრიტათ). 1937–38 წლებში, დიდი ტერორის პიკზე, დღეში საშუალოდ ათას ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით (შესადარებლად: მეფის რეჟიმმა მთელ იმპერიაში 1825–დან 1910 წლამდე პოლიტიკური დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯა 3932 ადამიანი – 85 წლის მანძილზე სტალინის 4 დღის „ნორმა”).
რაც შეეხება სტალინსა და საქართველოს... ის სიტყვის კაცი გამოდგა – თქვა, „საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ”–ო და შეასრულა კიდეც.
გასულ კვირაში საქართველომ კიდევ ერთი ხიჭვი ამოიძრო ეროვნული სხეულიდან.





 

 

 

კომენტარები