პლეშკა - ჰომოსექსუალთა კატაკომბა

მოსკოვის „კიტაი გოროდის” მეტრო ორ ადგილას ამოდის. შუაში ბულვარია. ერთ ამოსასვლელთან პლევნასთან დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად მემორიალი დგას. აქ ადამიანები ჰომოსექსუალი პარტნიორების საპოვნელად დადიოდნენ. სიტყვა „პლეშკაც” აქედან მოდის - ის გეი შეხვედრების, ანდა გეი პროსტიტუციის ადგილის სინონიმად იქცა.
„პლეშკა” საზოგადოებამ შექმნა.
„გგონია, აქ დგომა მსიამოვნებს? პირუტყვი უნდა იყო, შარდის სუნით აყროლებულ პადზემკაში ბირჟაობა მოგწონდეს. უბრალოდ, სექსისთვის პარტნიორის პოვნა ძნელია. არ არსებობს კომუნიკაციის სხვა, უფრო საიმედო საშუალება,” მეუბნება 21 წლის კობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პლეშკას ხშირად სტუმრობს. ეს სტუმრობა არჩევანის არარსებობის ბრალია. უფრო სწორად, იმის, რომ პარტნიორს სხვანაირად ვერ იპოვის. ლგბტ (ლესბი-გეი-ბისექსუალი-ტრანსგენდერი)ორგანიზაციებთან ურთიერთობის ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ მისი პირადი ცხოვრება იქ დაუცველი იქნება, არ ენდობა. ისიც აღელვებს, რომ „ელიტური” ჰომოსექსუალები მეგობრად არ მიიღებენ. ამიტომ ძალიან მარტივ არჩევანს აკეთებს - პლეშკაზე მისეირნობს სექსუალური პარტნიორის პოვნის იმედით. ასე ხომ „გაბაზრებისგან” უფრო დაზღვეული ხარ და სოციალური სტატუსის გადარჩენაც შესაძლებელია. აქ ბევრი „მისნაირია”.
მსგავს „კატაკომბებს” ხშირად სტუმრობენ ქცევით ჰომოსექსუალი, მაგრამ ორიენტაციით ჰეტეროსექსუალი, დაოჯახებული ან ფარული გეებიც, რომლებსაც მრავალფეროვნების ან სხვა მიზეზის გამო მამაკაცთან სექსუალური კავშირი სურთ. აქ უმრავლესობა ფულს არ იღებს, უბრალოდ, პარტნიორის პოვნა უნდათ.
ფულის სანაცვლოდ სექსს, ძირითადად, პროვინციიდან ჩამოსული ჰეტერომამაკაცები სთავაზობენ მომსვლელებს. თავის დამკვიდრება სახლიდან შორს ძალიან ძნელია, უძველესი პროფესია კი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა, საშიში. არის შემთხვევები, როდესაც პარტნიორის ძებნაში დაუცველები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ასეთ დროს ხმას არავინ იმაღლებს. ზედმეტი პრობლემა არავის უნდა, თან - „მინდა ახლა ვინმემ გაიგოს?!”
აუცილებელი არ არის, პლეშკა მიწისქვეშა იყოს. მეტიც, მათი უმრავლესობა ქალაქის შუაგულში, ყველასთვის ცნობილ სკვერებსა და ქუჩებს ემთხვევა. „ჩვენი შემჩნევა ძნელია იმიტომ, რომ ქართველები თბილი ხალხი ვართ, გვიყვარს ძმაკაცებისთვის ხელის გადახვევა, მათთან ახლოს სიარული. ასე რომ, თითქმის შეუძლებელია, ვინმემ ამოიცნოს, გეი წყვილი ხართ თუ უბრალოდ, მეგობრები,” - აგრძელებს მოყოლას კობა, რომელიც ორი წლის წინ ჰეტეროსექსუალმა მამაკაცებმა კარგად „გაალამაზეს”. არც მას ამოუღია ხმა. სამართალდამცავებს არ მიმართა - „სახლში დედა მელოდება და...”
„ადგილი ნამდვილად სარისკოა. ყოფილა გაუპატიურების შემთხვევები, მაგრამ არავინ დასჯილა. არც არავინ დაისჯება, სანამ ყველა ჩუმად იქნება. ხალხმა უნდა აღიაროს, რომ, მოსწონთ თუ არა, კარგია თუ არა, ჩვენ ვარსებობთ და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია,” - 30 წლის მამაკაცი სხვებზე ჩამოყალიბებული აღმოჩნდა. ის აქ მას შემდეგ მოდის, რაც ცოლთან ურთიერთობა მობეზრდა. დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირველად შეეშინდა „გაბაზრების”. ჯვარიც დაიწერა, ხელიც მოაწერა, მაგრამ მამაკაცთან სექსის სურვილს ვერსად დაემალა - „ასე ადვილად არაფერი იცვლება. ამიტომ ვყალიბდებით ფარისევლებად. მერე მივდივართ მიწისქვეშეთში”. სხვებთან შედარებით უფრო გაბედულია, მაგრამ სახელს მაინც არ მეუბნება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს...



 

კომენტარები