სტუმარი ღვთისაა

ეჭვგარეშეა, ქართველები ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, რომელსაც შეიძლება ოდესმე გადაეყარო. საქართველოში ყველგან თბილად მიგიღებენ, არ გექნება ნოყიერ სადილზე და თბილ ლოგინზე საზრუნავი. უკანასკნელ ას წელისადში აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს” ჯერაც არ გასვლია ყავლი.

საქართველოში სტუმრად დიდი ხანი დავყავი და, შესაბამისად, ამ ეროვნული კულტის გადამკიდე, გარკვეული გამოცდილებაც შევიძინე.

საქართველოში ყველამ იცის, რომ „სტუმარი ღვთისაა”. ამას გიმეორებენ რესტორნებშიც, ტაქსიშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტურისტის მეგზურებშიც. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, აეროპორტშიც გამოკიდებენ რამე სპეციალურ ნიშანს. ისე, ამ ფრაზაში მეტი სიმართლეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აი, მაგალითად, შეხედეთ იმ ზურგჩანთიან ფრანგს... მისეირნობს რუსთაველის გამზირზე და ჰგონია, რომ აქ ბორჯომში ცხენით გასასეირნებლად ჩამოვიდა. მან ჯერ არ იცის, რომ სინამდვილეში ღვთაებრივი მისია აკისრია: მისცეს ქართველებს საკუთარი გულუხვობით ყოყოჩობის შესაძლებლობა.

ქართულ სტუმართმოყვარეობაში სტუმარი არაფერ შუაშია. ეს ეროვნული გასართობია, მასპინძლის შანსი, რომ შეასრულოს წმიდათაწმიდა მოვალეობა. იყო სტუმარი, უცხოელისთვის ნიშნავს, უბრალოდ, აცალო მასპინძელს თავის წარმოჩენა. ქართულ რესტორნებში ხშირად გადააწყდებით შეცბუნებულ უცხოელებს, რომლებსაც მეზობელ მაგიდასთან იპატიჟებენ, საპატიო ადგილს უჩენენ, ალკოჰოლის ნახევრად სასიკვდილო დოზას ასმევენ და ახალ-ახალ სადღეგრძელოებს აძალებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არცთუ სასიამოვნოა სტუმრისთვის, მაგრამ მთავარი ხომ მასპინძელია, ქართველი მასპინძელი, რომელიც ეროვნული ვალის მოხდით კმაყოფილი დაბრუნდება სახლში. საქართველოში საკმაო ხანს მცხოვრებმა უცხოელებმა ჟარგონად „სუფრისგან” ნაწარმოები უკუქცევითი ზმნაც კი მოიგონეს. აი, მაგალითად:

- რა მოგივიდა წუხელ? რა საშინლად გამოიყურები!
- უჰ, ვიღაც ალალბედზე შემხვედრმა ქართველებმა მაგრად „მიმასუფრავეს” ხინკლის სახლში.

რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია კარგი მასპინძლობით სიამაყეში, არც ხაჭაპურის დაძალებაში გულუბრყვილო ტურისტისთვის. მაგრამ შემდეგში, როცა დაინახავთ ზურგჩანთიანს, რომელიც ნახევარლიტრიანი სასმისით მეოთხე ვახტანგურს სვამს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნუთუ ახლა ის „ღვთისად” გრძნობს თავს?

კომენტარები