ქართველი „ნაშების” დებიუტი

გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერები აქციაზე
„შეურაცხყოფის თავისუფლების გარეშე, სიტყვის თავისუფლება არსებობას შეწყვეტს” - ეს სიტყვები ცნობილ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს, სალმან რუშდის ეკუთვნის. მწერალი ყურადღების ცენტრში 80-იანი წლების ბოლოს მოექცა მისი მეოთხე რომანის „სატანური ლექსების” გამო. წიგნი მუსლიმთა ნაწილმა მუჰამედის შეურაცხყოფად აღიქვა. საპროტესტო ტალღამ მილიონობით ადამიანი მოიცვა. ვითარებამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც რუშდი აიათოლა რუჰოლა ჰომეინიმ ახსენა ფატვაში: ირანის სულიერმა ლიდერმა მწერალს სიკვდილი მიუსაჯა და მკვლელს წმინდა ჯილდოს დაჰპირდა. რუშდი ბრიტანეთის დედოფალმა შეიფარა. ირანსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
კომიკურია სალმან რუშდის გვერდით დაბალი მხატვრული ღირებულების კრებულის „საიდუმლო სირობის” ავტორის, ერეკლე დეისაძის მოხსენიება. კომიკურია აიათოლა ჰომეინის და მალხაზ გულაშვილის შედარებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ აგრესიის მასშტაბებს შორის განსხვავებაზე. მაგრამ ფაქტია - მსგავსება არსებობს.
4 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ტრანსპარანტებით: „არა ფაშიზმს” და „ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას”. დაინტერესებული პირი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიხვდებოდა, რომ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების ერთ მცირე ნაწილს სურდა მეორე, არც თუ დიდი, მაგრამ თავზეხელაღებული ნაწილისთვის ეთქვა - ჩვენც ვარსებობთ! თავად აქციის მონაწილეებმა მათი იქ მისვლა სხვადასხვა მიზეზით ახსნეს. სულ რაღაც 20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ერეკლე დეისაძის გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე იდგა; ზოგი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის მოთხოვნას აპროტესტებდა უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასთან დაკავშირებით; სხვები გიგი თევზაძეს ექომაგებოდნენ.
შეკრების მიზეზთა მრავალფეროვნება იმანაც გამოიწვია, რომ ილიას უნივერსიტეტის გარშემო ორი ამბავი განვითარდა: წინა დღეს, 3 მაისს, სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ, აღმაშენებლის საზოგადოებამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გამართეს აქცია უნივერსიტეტის წინ და უნივერსიტეტის მაღაზიიდან ერეკლე დეისაძის წიგნის ამოღება მოითხოვეს. წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა დაბალმხატვრული, გამიზნული ეპატაჟის მცდელობად შეაფასეს, სახარების სიუჟეტის შარჟს შეიცავს და სავსებით შესაძლებელია საზოგადოების ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღოს. ამის პარალელურად, უნივერსიტეტში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნით მართლმადიდებელი სტუდენტების ჯგუფმა ხელმოწერები შაგროვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი გიგი თევზაძის გადადგომას მოითხოვდნენ.
ამ მოვლენებმა რამდენიმე ახალგაზრდას უნივერსიტეტთან მისვლის და აღშფოთების დემონსტრირებისკენ უბიძგა, მაგრამ არ დასცალდათ. მათ უმალვე თავს დაესხნენ მალხაზ გულაშვილის აქტივისტები და მართლმადიდებლური იმპერიის შექმნის მოწოდებების ფონზე, გულმოდგინედ შეუდგნენ აქციის მონაწილეთა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გულაშვილის ახლად შექმნილი ორგანიზაციის აქტივისტებს ზურგს უმაგრებდნენ გამოცდილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და დავით აღმაშენებლის საზოგადოება.
ინციდენტის ადგილზე მივიდა პატრული, მაგრამ ისინი კანონდამრღვევთა დაკავებას მოერიდენ და გამშველებლის კეთილშობილურ ფუნქციას დასჯერდნენ. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა ხულიგნობის მაგალითები მრავლად იყო. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს პრობლემები აქციის შემდეგაც შეექმნა: სახლში დაბრუნებულს უბნელი კრიმინალები დაესხნენ თავს და „სატანისტების” დაცვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაპირისპირება მეორე დღესაც გაგრძელდა, გიგი თევზაძის გადადგომის მოსურნეები განათლების სამინისტროსთან მივიდნენ. “მამათმავლების” წინააღმდეგ მებრძოლი მალხაზ გულაშვილის აქტივისტებს თანასწორობის ინსტიტუტიც შეუერთდა, რომლებიც ილიას უნივერსიტეტს ეწვივნენ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მომიტინგე ახალგაზრდებს ლანძღვა-გინება დაუწყეს. პატრული, კვლავინდებურად აშველებდა.
ამ ინციდენტმა ნათლად წარმოაჩინა რა მასშტაბის გამოწვევის წინაშე დგას ქართული საზოგადოება. პრობლემა ერეკლე დეისაძის ეპატაჟის დაგმობა სულაც არაა. ადამიანთა ჯგუფის მიერ დეისაძის წიგნის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება, ამ კონკრეტული ჯგუფის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება, ისევე, როგორც დეისაძის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა მოქმედება. პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც იწყება პირისპირ მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება. პატრული კი, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალება, დანაშაულს არ აღკვეთს.
დიდი ხანია ნათელია, რომ მმართველმა გუნდმა „ათათურქობაზე” ხელი ჩაიქნია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 4 მაისს გამოხატვის თავისუფლებას იცავდა, იმდენად მცირე და არასანდო ჰგონია, რომ არჩევნების წინ, მათ დაცვას მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი ხულიგნებისგან წამგებიანად მიიჩნევს. მსგავსი მიდგომა ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია და გამართლება არ აქვს. მაგრამ გასაანალიზებელია რატომ არ მიიჩნევს ხელისუფლება საზოგადოების ლიბერალურ ნაწილს ანგარიშგასაწევ ძალად და რატომ მომრავლდნენ რელიგიას და ფსევდო-ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული მოძალადეები.
მართლმადიდებლობის სახელით, შავრაზმელების მიერ ძირითადი თავისუფლებების დევნა საქართველოში სიახლე არ არის. კარგად გვახსოვს 10 წლის წინ, მამა ბასილის მრევლის მიერ იძულებით გაკრეჭილი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათი გადამწვარი წიგნები და დარბეული ოფისები. კვირა არ ჩაივლიდა, ნაცემი იეჰოვას მოწმის შესახებ რომ არ შეგვეტყო. მოხდა რევოლუცია, მოვიდა ახალი მთავრობა, მამა ბასილს გლდანის ეკლესიაში მიაკითხა და ძალის გამოყენებით დააპატიმრა.
ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეცილებოდნენ მამა ბასილის დაკავების სცენით ხელისუფლების დისკრედიტაციაში. ბოლოს ახალმა მემარჯვენეებმა იმარჯვეს და ეს კადრები წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ჩასვეს „საშინელი აწმყოს” საილუსტრაციოდ.
პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს „ინკვიზიტორებთან” დამთმობი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას, უწინ მას მოქმედების ფორმას და ეტიკეტს უწუნებდა. ლაშა ბუღაძემ და რატი ამაღლობელმა ბასილ მკალავიშვილის დაკავებას პრესკონფერენცია მიუძღვნეს. გოგი გვახარიამაც კი, რომელსაც უმცირესობებისადმი გულგრილობას ვერ დავაბრალებთ, რამდენიმე წლის მერე გაჰკრა კბილი ხელისუფლებას მკალავიშვილის ინციდენტის გამო: „... დააპატიმრეს “ახალი საქართველოს” მრისხანე მოწინააღმდეგე, ბასილ მკალავიშვილი, ზედ მიაყოლეს ძველი ხელისუფლების რამდენიმე ჩინოსანი...” - ქილიკობდა იგი 2008 წლის 1 ივლისის ცხელ შოკოლადში.
ხელისუფლებისა და მართლმადიდებლობის დაპირისპირების თემა, ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის თვალსაზრისით იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აქტიურად და უპასუხისმგებლოდ დაიწყო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ბასილ მკალავიშვილის ინციდენტს, 2007 წლის ზაფხულში ფერიის მთაზე ეკლესიის უკანონო მშენებლობის უჭკუოდ დაგეგმილი აღკვეთა მოჰყვა - შედეგად პატარკაციშვილის ტელეკომპანია იმედის ეთერში რამდენიმეთვიანი კამპანია მივიღეთ სახელწოდებით - „ეკლესიებს ანგრევენ”. ხშირად გვესმოდა ბრალდებები, რომ „ამ ხელისუფლებისთვის ყველაფერი ქართული უცხოა”.
აი, რას წერდა ირაკლი კაკაბაძე 2007 წლის 28 ივლისს გაზეთ “რეზონანსში” მიხეილ სააკაშვილის გუნდის შესახებ: “ეს ის ათეისტები არიან, რომელნიც მზად არიან ერთბაშად მიაფურთხონ ქართულ ღირებულებებს და ფულის გულისათვის საქართველოში ჰომოსექსუალურ ქორწინებებსაც დაუჭირონ მხარი. ...რომელთათვისაც ყველა საშუალება მისაღებია იმისათვის რომ დაანგრიონ ქართული ტრადიციების ეკლესიები”.
ეკლესიის თემით მანიპულირების საუცხოო მაგალითი იყო 7 ნოემბერს ნათია მიქიაშვილის ჩართვა სამების ეკლესიის ეზოდან. საზოგადოებრივი პანიკის დროს, ჟურნალისტი გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა სამებაზე სპეცრაზმის შესაძლო თავდასხმის შესახებ. რესპუბლიკური პარტიის წევრები, „სოროსელების” იმიჯის ჩამორეცხვას და ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას, ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებსა და პატრიარქს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის შესახებ ჭორების ტირაჟირებითაც კი ცდილობდნენ.
მალხაზ გულაშვილის მიერ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაარსება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რუსეთსაც ძალიან ეფექტურ იარაღად მიაჩნია და მას იყენებს კიდეც.
„გარდა ქართველისა, ყველა ცხოველია - ხო, მე ქართველი ვარ და ისე გავაკეთებ, რომ საქართველო ქართველებისთვის და მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის იქნება!” - ფაშისტური გერმანიის ლოზუნგს სოციალურ ქსელ ფეისბუკში მალხაზ გულაშვილის აქტივისტი, ვინმე აფხაიძე ავრცელებს. რუსეთში იგივე ლოზუნგის ქვეშ პუტინის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაში” იბრძვის.
საინტერესოა მალხაზ გულაშვილი და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა თუ შეიძლება მივიჩნიოთ „ახალი საქართველოს” მრისხანე მოწინააღმდეგედ”? და საერთოდ, რა არის „ახალი საქართველო”? ვინ არის მასზე პასუხისმგებელი? ყველა მოქალაქე, განურჩევლად რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რწმენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ მხოლოდ ხელისუფლება, რომელსაც, ერთი მხრივ, რელიგიურ უმცირესობებზე მოძალადე ბასილ მკალავიშვილთან ძალის გამოყენების გამო გმობენ და, მეორე მხრივ, სექსუალური უმცირესობების მდევნელ გულაშვილთან ფრთხილ მოპყრობას უწუნებენ?
ერთი რამ ცხადია, ლიბერალების სისუსტე ხელისუფლებას ალიბად ვერ გამოადგება და თავის შეცდომებს მათ ვერ გადააბრალებს, მაგრამ იმისთვის, რომ ლიბერალური ღირებულებების ქომაგები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ მათ ერთდროულად სჭირდებათ: შეუპოვრობა, თანმიმდევრულობა, ადეკვატურობა და რაც მთავარია, საზოგადოებასთან მუშაობა. ალბერტ აინშტაინის არ იყოს, „მხოლოდ კანონმდებლობა ვერ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას. იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი შეხედულება, საჭიროა საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”.


 

კომენტარები