ისრაელის მედია Haaretz-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აზერბაიჯანის ზეწოლის შემდეგ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე ქნესეთში კენჭისყრა დაბლოკა.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომლითაც ისრაელის მთავრობამ გასულ თვეს სომეხთა გენოციდის აღიარებას ერთხმად დაუჭირა მხარი, ქნესეთში საბოლოოდ კენჭისყრაზე აღარ გავიდა.
Haaretz-ის წყაროს თქმით, საკითხი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი უჭერდა მხარს, მას შემდეგ შეჩერდა, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი ნეთანიაჰუს ოფისს დაუკავშირდა. გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს აცნობა, რომ საკითხი ქნესეთის დღის წესრიგიდან მოიხსნა და ზაფხულის შესვენებამდე გამართულ კენჭისყრებზე აღარ განიხილებოდა.
საარის ოფისმა Haaretz-თან უარყო, რომ კენჭისყრა ნეთანიაჰუს ჩარევის გამო გაუქმდა, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არ გავიდა საკითხი პარლამენტში.
"მთავრობის გადაწყვეტილება [სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ] არსებობს და ის ერთხმად იქნა მიღებული. ის არ შეიცვლება და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი." - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გასულ თვეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაგმო და მისი გადახედვა მოითხოვა.
უწყების განცხადებით, სომეხთა გენოციდის აღიარება "1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯებაა" და "რთულ ისტორიულ საკითხს მყარი სამართლებრივი და აკადემიური საფუძვლის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აქცევს". ბაქოს შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი შერიგებას ხელს არ შეუწყობს და რეგიონში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
Haaretz ასევე აღნიშნავს, რომ გასულ კვირას აზერბაიჯანმა ისრაელს კიდევ ერთი პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა - პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერმინისტრ მოჰამედ მუსტაფას უმასპინძლა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ ქვეყანა მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქიც იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი. განცხადებაში იერუსალიმი ასევე მოხსენიებულია მისი არაბული სახელწოდებით - "ალ-კუდს ალ-შარიფ". ამასთან, ბაქომ განაცხადა, რომ აგრძელებს პალესტინელების დახმარებას, მათ შორის UNRWA-ს მეშვეობით, და დასავლეთ სანაპიროზე საშუალო სკოლის აშენებას გეგმავს.
გასულ დღეებში ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ისრაელი ოფიციალურად აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდს და დაგმობს მისი უარყოფის, დაკნინებისა თუ დამახინჯების ნებისმიერ მცდელობას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღემდე სომეხთა გენოციდი მსოფლიოს 32 ქვეყანას სხვადასხვა ფორმით აქვს აღიარებული.
Haaretz აღნიშნავს, რომ ისრაელი ბოლო წლებში აზერბაიჯანს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო ომის დროს ისრაელი ბაქოს შეიარაღებით ამარაგებდა. გამოცემის ცნობით, 2023 წლის გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანი ისრაელის შეიარაღებას ეილათთან მდებარე ოვდას ავიაბაზის გავლით იღებდა, ხოლო მოგვიანებით CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან ბოლო ომის პერიოდში ისრაელმა აზერბაიჯანში სპეციალური დანიშნულების ძალებიც გაგზავნა.
გამოცემა წერს, რომ არც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს და არც ჰიქმეთ ჰაჯიევს Haaretz-ის კითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ისტორიკოსთა ვარაუდის მიხედვით 1910-იანებში ოსმალეთის იმპერიაში 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს. ამ ისტორიულ მოვლენას მეცნიერები ფართოდ მიიჩნევენ XX საუკუნის პირველ გენოციდად. თურქეთის მტკიცებით, გენოციდი არ მომხდარა, მსხვერპლთა რაოდენობა გადაჭარბებულია, ხოლო დაღუპულები არეულობის მსხვერპლნი იყვნენ. გენოციდის საკითხს თურქეთზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებენ. თურქეთსა და ისრაელს შორის ბოლო წლებში ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.





