ისრაელი-აზერბაიჯანი

ისრაელის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

Thomas Coex/AFP/Getty Images

ისრაელის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ილჰამ ალიევის მოწვევით 30 მაისს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა.

ჰერცოგთან ერთად ბაქოში ჩავა ისრაელის ჯანმრთელობისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, მოშე არბელიც, რომელიც აზერბაიჯანელ კოლეგა თეიმურ მუსაიევთან შეხვედრას გამართავს.

ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა, ხოლო 1993 წელს ისრაელმა ბაქოში საელჩო გახსნა.

2020 წელს ისრაელის მიერ მუსლიმურ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის დაწყების შემდეგ, 2023 წლის მარტში თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა.

აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მზარდი დიპლომატიური და სამხედრო კავშირების გამო უკმაყოფილებას რეგულარულად გამოთქვამს ირანი.


მარტში ისრაელის მედია Haaretz-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს აზერბაიჯანმა საკუთარი აეროდრომები ისრაელისთვის გაამზადა, თუ იერუსალიმი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანას გადაწყვეტდა, ან იმისთვის, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს, მოსად აზერბაიჯანში დაეფუძნებინა ირანის მონიტორინგის წერტილი.

მოგვიანებით აზერბაიჯანის ელჩმა ისრაელში, მუხთარ მამადოვმა აღნიშნული უარყო და თქვა, რომ სახელმწიფოებს სხვა ქვეყანაზე თავდასასხმელად აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების უფლებას არ მისცემენ.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელს აზერბაიჯანის აეროდრომები შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავების საწვავის შესავსებად დასჭირდეს, სწორედ ამიტომ, ირანი აზერბაიჯანისა და ისრაელის პოლიტიკურ დაახლოებას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 2022 წლის 17 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები, სავარაუდოდ, ისრაელის დაზვერვის აგენტების ქვეყანაში მიღების საპასუხოდ გამართა და ამით აზერბაიჯანს ისრაელთან დაახლოების და მასთან თანამშრომლობის გამო დაემუქრა.

კომენტარები