ინციდენტი კახეთში

გიორგი ჭიღლაძის მიმართ მოვითხოვთ გირაოს გამოყენებას - პროკურატურა

18 ივლისს თელავში ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, "დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთი ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით."


მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება 19 ივლისს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება არ აკონკრეტებს ტურისტების ეროვნებას, თუმცა არსებული ცნობით, ისინი რუსები არიან.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ადვოკატმაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც იგი დაეცა.

ადვოკატი ასევე წერს, რომ "ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული"

19 ივლისს, ამ ფაქტთან დაკავშირებით თელავის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი

როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა."

შსს-ს ცნობით მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. 

როგორც ტაბულას ინციდენტში მონაწილე ტურისტების ადვოკატმა უთხრა, მათ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, ორი დღით საქართველოს დატოვება არ შეეძლებათ.

ადვოკატის თქმით, მომხდარში მონაწილე პირები "არიან უკრაინელები რუსეთის მოქალაქეობით, ხოლო დაზარალებული თურქეთის მოქალაქეა." აფციაური ასევე აცხადებს, რომ მათი მხრიდან პროვოკაციულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები