პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია ლაგი კაპიტალის მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება, მშენებლობის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად, ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანია ლაგი კაპიტალის სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს.
ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული.
შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ - 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.
თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოოლოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება." - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის 30 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ლაგი კაპიტალთან დაკავშირებული 2 პირი დააკავა, რომლებმაც 2023 წელს ბაღებისა და სკოლების სარეაბილიტაციო/სამშენებლო ტენდერებით, სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს.
ასევე დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ უფროსი, დავით ტაბიძე, რომელსაც 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 27 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ტაბიძისთვის ცნობილი იყო, რომ "ლაგი კაპიტალი ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საავანსო თანხების გაცემას ითხოვდა, ისე რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა," თუმცა ამის მიუხედავად, ტაბიძემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს, ეტაპობრივად, ავანსის სახით 11 200 000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა.
ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს, ხოლო შედეგად 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.





