გიგა ავალიანის საქმე

POG: მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის წარედგინა

გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილს ბრალდება წარედგინა. გიორგი მალანია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება შეუცვალა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.

ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად.

გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერს უწყება. 

მათივე ცნობით, მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.


ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.

დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავებოდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.

8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ. კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ).

დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობის ვადა 6 წელსა და 9 თვემდე შეუმცირდა. მოგვიანებით, 2 ივნისს, დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამაც ცნო დამნაშავედ - გიგა ავალიანის  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისთვის. მას მაქსიმალური სასჯელი, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.

რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს, მას სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსით, ის ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.

გიგა ავალიანის საქმესა და გამოყოფილ საქმეებზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს ცრუ ჩვენებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - ის ციხეში 3 წელს გაატარებს.

ამასთან, ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული და ელოდება განაჩენს. დემეტრე კასრაძეს და ირაკლი სულაბერიძეს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებას ედავებიან.

კომენტარები