გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
პარიზში, ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან.
"ჩვენ შევქმნით ფრანკო-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რათა რეგულარულად შევხვდეთ და საერთო სტრატეგიულ გამოწვევებს ქმედითად ვუპასუხოთ". - თქვა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს გააგრძელებს.
"საფრანგეთი და გერმანია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის". - დაამატა მაკრონმა.
ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი.
"მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია თანდათანობით აღმოვფხვრათ ჩვენი შესაძლებლობების ნაკლოვანებები და ერთობლივად დავუჭიროთ მხარი უკრაინას". - თქვა მერცმა.
დღეს საღამოს მერცი საფრანგეთიდან პოლონეთში გაემგზავრება და პრემიერმინისტრს დონალდ ტუსკთან ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ისაუბრებს.
გარდა ამისა, მერცმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება უკრაინაში ვიზიტიც.





