პუტინის რუსეთი

Moscow Times: რუსეთში აღარ აქვეყნებენ პუტინის რეალურ რეიტინგს, რომელიც 30%-ს ჩამოსცდა

ვლადიმირ პუტინი 2026 წლის 9 მაისს
Kremlin.ru/e2w

გამოცემა Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა ცენტრმა, ВЦИОМ-მა ვლადიმირ პუტინისადმი "ღია" ნდობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის მიხედვით, პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი, რომელიც "ღია გამოკითხვის" მეთოდით დგინდებოდა, აპრილის დასაწყისში 29.5%-მდე დაეცა, რაც ომის დაწყების შემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ღია გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს სანდო პოლიტიკოსების ჩამოთვლას სთხოვდნენ ისე, რომ წინასწარ ვლადიმირ პუტინს არ ახსენებდნენ. 

პუტინისადმი "ღია" ნდობის მაჩვენებელი ნახევარზე მეტით ჩამოუვარდება "დახურული" გამოკითხვის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტებს ეკითხებიან, ენდობიან თუ არა კონკრეტულად პუტინს, რა შემთხვევაშიც მისდამი ნდობის მაჩვენებელი უფრო მაღალია: აპრილის დასაწყისში – 73.8%, მაისის ბოლოს კი – 72.3%. 

თუმცა, Moscow Times-ის ცნობით, ВЦИОМ-მა მაისის "ღია" გამოკითხვის მონაცემები ბოლოს 5 აპრილს გამოაქვეყნა, აპრილისა და მაისის შედეგები კი მოგვიანებით უნდა გაესაჯაროებინა, მაგრამ 8 ივნისისთვის პუტინისადმი "ღია" ნდობის მაჩვენებელი კვლავ არ ჩანს, რის საფუძველზეც გამოცემა წერს, რომ ცენტრმა ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით მიღებული მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა.

ამასთან, ვარდნას განაგრძობს ზოგადად პუტინის რეიტინგიც. ВЦИОМ-ის ყოველკვირეული გამოკითხვების მიხედვით, 31 მაისისთვის პუტინის რეიტინგი, ორკვირიანი ვარდნის შემდეგ, 66.6%-მდე დაეცა. სამთავრობო გამოკითხვის მიხედვით, აპრილის თვეში პუტინის რეიტინგი 65.6%-მდეც ჩამოვიდა, რაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

მანამდე პუტინის რეიტინგი 7 კვირის განმავლობაში უწყვეტ კლებას განიცდიდა, რის შემდეგაც ВЦИОМ-მა გამოკითხვის მეთოდოლოგიის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, პუტინის რეიტინგი ვარდნას განაგრძობს. 

კომენტარები