ომი ახლო აღმოსავლეთში

Axios-მა აშშ-ირანის შესაძლო შეთანხმების დეტალები გამოაქვეყნა

ამერიკული საბრძოლო ხომალდი ჰორმუზის სრუტეში
CENTCOM

გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებას მოიაზრებს - პარალელურად, ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ირანს ნავთობის გაყიდვა თავისუფლად შეეძლება და ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეთანხმების დეტალები ირანულ მხარეს მათთვის არ დაუდასტურებია, თუმცა თეირანმაც მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. 

Axios-ის მიხედვით, შეთანხმების ახლანდელი პროექტის ფარგლებში აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომელიც 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში გახანგრძლივდება. როგორც გამოცემა წერს, ამ პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე გაიხსნება და მისით სარგებლობა არ დაიბეგრება, ხოლო ირანი სრუტის განნაღმვას თანხმდება. სანაცვლოდ, აშშ ირანული პორტების ბლოკადას გააუქმებს და ირანს გარკვეულ საქნციებს მოუხსნის, რათა ნავთობი თავისუფლად გაყიდოს. 

გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ირანს სანქციებისგან მუდმივი გათავისუფლება და თანხაზე ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნა სურს, თუმცა ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხელშესახები დათმობების შემთხვევაში მოხერხდება. 

მაღალჩინოსნის თქმით, მემორანდუმის მონახაზი, მათ შორის, მოიცავს ირანის მხრიდან პირობას, რომ ბირთვულ იარაღს არ დაამზადებს და ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებასთან და მაღალ დონემდე გამდიდრებული ურანის მარაგების გატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. 

Axios-თან საუბრისას ორმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ  ირანმა აშშ-ს შუამავლის გავლით სიტყვიერად შეატყობინა, თუ რა დონის დათმობებისთვის არის მზად ურანის გამდიდრების შეჩერებასთან და ბირთვულ მასალაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, აშშ თანხმდება, რომ 60-დღიან ვადაში სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ამასთან დაკავშირებული ნაბიჯები მხოლოდ საბოლოო შეთანხმებაში იქნება შეტანილი.  

ამასთან, Axios წერს, რომ შეთანხმების პროექტი ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირების დასრულებასაც მოიაზრებს. გამოცემა ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ამ პუნქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს უთხრა, რომ შეთანხმება "ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას" არ მოიაზრებს და თუკი ჰეზბოლა შეიარაღებას ან თავდასხმების მოწყობას ცდის, ისრაელს პასუხის გაცემის უფლება ექნება. 

გამოცემას სამმა ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ ტრამპმა საუდის არაბეთის, კატარის, ეგვიპტეს, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და პაკისტანის ლიდერებთან ერთად საკონფერენციო ზარი გამართა. Axios-ის მიხედვით, ყველა ლიდერმა შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. 
 

კომენტარები