ოპოზიციონერების დაკავება

ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ზოდელავას კი 9 თვით

ლევან ხაბეიშვილი, მურთაზ ზოდელავა

მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული.

ხაბეიშვილის ბრალდება ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გადაუკვალიფიცირეს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მას საბოტაჟის ფაქტზე 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე კი 2 წელი, თუმცა უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და, შესაბამისად, მან საპატიმროში ჯამში 2 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.

მურთაზ ზოდელავას კი 7 მაისს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში აღძრულ საქმეზე, შესაბამისად, ეს სასჯელი 9-თვიან პატიმრობას შთანთქავს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ედავებოდნენ გდდ-ს თანამშრომლებისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას. 

"ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში მოწოდებებს ავრცელებდა და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ქრთამის მიცემას ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე გდდ-ს თანამშრომლები მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ - ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000$-ის გადახდას.

გარდა ამისა, ხაბეიშვილი 200 000$-ის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს მიაწვდიდნენ. ის ამ თანხას ქრთამის სახით გდდ-ს თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც დაჰპირდა". - ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელისთვის უკანონო ქმედების ჩასადენად ფულის შეთავაზებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს. 

გარდა ამისა, ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ ხაბეიშვილის დაკავების დროს მისი ტელეფონის გადამალვის მიზნით გაქცევის მცდელობას და ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკურ ძალადობას. 

"ხაბეიშვილის დაკავების დროს, მასთან ერთად მურთაზ ზოდელავაც დავაკავეთ, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე თავისი მობილური ტელეფონი მიაწოდა, ზოდელავამ კი ამ ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძემ.

კომენტარები