ოპოზიციონერების დაკავება

ადვოკატი: მტკიცებულება არის გდდ-ის პატაკი, რომ ხაბეიშვილის შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს

ლევან ხაბიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულება არის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების პატაკები, სადაც წერია, რომ საჯარო განცხადება ჯილდოსთან დაკავშირებით მათ შეურაცხყოფად მიიღეს.

"ორივეს ბრალდება არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივად აბსურდული. მტკიცებულებებს, რაც მოვასწარი და გადავხედე, საქმეში ეს არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომელშიც აღნიშნავს პოლიციის, გდდ-ის სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მათ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ საჯაროდ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, მიიღეს ეს შეურაცხყოფად და ეს არის მათი შეფასებით, ქრთამის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის.

და მეორე, როდესაც საჯარო სივრცეში ასევე, სუსის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ ლევანი მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ამ პატაკის საფუძველზე მას წარედგინა მეორე ბრალდება." - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის ცნობით, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი თვლის, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიშია.

"მოსამართლე არის ფიქრია სიქტურაშვილი, რომელსაც, ასევე მიმაჩნია, რომ არარელევანტური მსჯელობა აქვს. იგი წერს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიმაჩნია, რომ ლევანი არის საზოგადოებისთვის საშიშიო და მისი დაკავება უნდა მოხდეს, ვინაიდან შესაძლოა, დანაშაული გააგრძელოს და დაამხოს ხელისუფლებაო." - განაცხადა კონდახიშვილმა.

კომენტარები