ფოთის პორტი

შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც ქართულმა ოცნებამ აუქციონის გარეშე 2036 წლამდე გაუგრძელა. 

ორგანიზაციის ცნობით, ამ კომპანიების მფლობელებმა მმართველ პარტიას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს ჯამში 1,357,100 ლარი შესწირეს. ამ დახურულ ელიტურ კლუბში ოცნების დეპუტატის, გიორგი ხახუბიას ოჯახს და გავლენიან მილიონერებს შეხვდებით.

ორგანიზაციის განცხადებით, ფოთი "საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ კვანძს წარმოადგენს", მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო კი მისი ეკონომიკური რესურსების განკარგვის პროცესი განსაკუთრებულ გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერების მაღალ სტანდარტს საჭიროებს

TI-ის ჩატარებული კვლევის ძირითად მიმართულებებსა და მიგნებებს გთავაზობთ უცვლელად:

"ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?

დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები;

საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან;

სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში;

კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები.

1 .ეკონომიკური რესურსების განაწილება ფინანსური და პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით.

კვლევაში წარმოდგენილი მონაცემები შეგვიძლია დავაჯგუფოთ იმ ძირითადი ფინანსური, პოლიტიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქ ფოთის სტრატეგიულ აქტივებს.

ჯგუფი I: დავით წიწილაშვილი, სულხან პაპაშვილი, ხახუბიების ოჯახი  და ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული პირები (თევზჭერა და ლოგისტიკა)

ამ სექტორში ჩამოყალიბებულია ოლიგოპოლიური მდგომარეობა. შავ ზღვაში თევზჭერის სტრატეგიულ ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. ამ კომპანიების მფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შემწირველია და ყველა მათგანს სახელმწიფომ თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიები 2036 წლამდე გაუგრძელა;

თევზჭერის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეწირულებების სახით 1,488,100 ლარი გაიღეს, ყველაზე მეტი - 1,282,000 ლარი მმართველი პარტიას მისცეს;

პოლიტიკურ შემწირველებს შორის ყველაზე მეტი გაიღო წიწილაშვილების ოჯახმა, მამა-შვილის - გურამ და დავით წიწილაშვილების ჯამური პოლიტიკური შეწირულება 410,000 ლარია. დავით წიწილაშვილი თევზჭერის სექტორის გარდა, ფლობს და მართავს 28 სხვა კომპანიის წილებს (მათ შორის, ისეთ გავლენიან ლოგისტიკურ კომპანიებში, როგორიცაა შპს ლოჯისტექსი, შპს ესპერანსი, შპს მეტალ ტრეიდი, შპს ფელინ გლობალი და სხვა);

შპს დრომონის 67% წილს ფლობს სულხან პაპაშვილი, რომლის ბიზნესპარტნიორია დავით წიწილაშვილი. სულხან პაპაშვილი, ძმასთან ლაშა პაპაშვილთან ერთად Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარ ქართველს შორისაა. იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსია.

ორი ლიცენზიანტი კომპანიის მფლობელებს შორის არის ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ხახუბია და მისი ოჯახის წევრები;

თევზჭერის სექტორის წამყვან ფიგურებს (დავით წიწილაშვილი, ალექსანდრე თავაძე), სხვადასხვა ბიზნესწილების მეშვეობით, უკავშირდება რუსული გავლენებით გამორჩეული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელიც Forbes-ის მდიდარ ქართველთა  სიაში მე-9 ადგილს იკავებს. თევზჭერის ლიცენზიის მქონე შპს გეოფიშ კომპანის დამფუძნებელია მასთან დაკავშირებული შპს გუგოლპლექსი. ხვიჩა მაქაცარია დავით წიწილაშვილის ბიზნესპარტნიორიცაა (აქვამარინი).

თევზჭერასთან ერთად, ტვირთების გადაზიდვის (შპს ინვესტ გრუპ ჯორჯია) და სატერმინალო სფეროში (შპს ფოთი ტრანსტერმინალი) წარმოდგენილია კახაბერ ლატარია, რომელიც ხახუბიების ბიზნესპარტნიორია შპს აისბერგი 2-ში. 

ჯგუფი II: მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ფიგურები

ამ ჯგუფში ერთიანდებიან პარლამენტის წევრები, ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები, რომლებიც ფოთში უმსხვილეს სტრატეგიულ ბიზნესებს ფლობენ.

ა) გოდერძი ჩანქსელიანი (ქართული ოცნების პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

გოდერძის ჩანქსელიანი ფლობს შპს ბევრილი ჯგუფის 70% წილს. ეს კომპანია გადაამუშავებს მარცვლეულს,  აქვს საწყობები და წისქვილი ფოთში. კომპანიის გენერალური დირექტორი და 29.84%-ის მფლობელია მისი ძმა, ნერუ ჩანქსელიანი. ბევრილს აქვს შვილობილი კომპანიები: ბევრილი ბეიქერ ჯგუფი, ბევრილი რიეთეილ ჯგუფი (მინი მარკეტები ფოთში), ბევრილი თრეიდინგ ჯგუფი და გრუზბელი.

კორუფციის რისკები: სახელმწიფომ ჩანქსელიანის კომპანიებს (ბევრილი ჯგუფი და გრანდე ჯგუფი) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე ჯამში 5.4 მილიონი ლარის გადახდა აპატია (შეუმცირა 160,000 ლარამდე). არსებობს დეპუტატის მხრიდან ინტერესთა შეუთავსებლობის, უკანონო საჩუქრის მიღებისა და ქონების დამალვის ნიშნები. ძმებმა ჩანქსელიანებმა ჯამში 113,230 ლარი შესწირეს ოცნებასა და სალომე  ზურაბიშვილს.

ბ) გოჩა ენუქიძე (ქართული ოცნების პარლამენტის წევრი):

შპს ფოთპეტროლის 40%-ს ფლობს იბერკომპანი ჰოლდინგი, რომლის მფლობელია დეპუტატი გოჩა ენუქიძე. კომპანია ფლობს ლარნაკას ქუჩაზე მიწას (690 კვ.მ), რომელიც იჯარით აქვს აღებული გალფს (სან პეტროლიუმ ჯორჯია). გოჩა ენუქიძემ 160,000 ლარი შესწირა ოცნებას, 60,000 - სალომე ზურაბიშვილს, 60,000 - ენმ-ს.

გ) გიორგი ხახუბია (ქართული ოცნების პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

შპს აისბერგი 2: თევზის გადამამუშავებელი საწარმო, ფლობს თევზჭერის 1 ლიცენზიას. მფლობელები: კახაბერ ლატარია (25%)ეკატერინე ხურცია (25%), დეპუტატი გიორგი ხახუბია და მაკა ხახუბია (25%), თურქული კომპანია (25%). კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ჯამში 893,100 ლარის შეწირულება გაიღეს (702,000 ლარი - „ქართულ ოცნებას“);

შპს სათნოს 100% წილის მფლობელია ეკატერინე ხურცია (დეპუტატ გიორგი ხახუბიას სიდედრი). იგი მართავს ნავთობბაზებს, საბაჟო საწყობებს და სერვის ობიექტებს.

დ) მამუკა მერკვილაძე (რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი):

შპს ფოთი ტრანსტერმინალი: ფლობს 9 ჰექტარ ტერიტორიას (წლიურად 80 ათასი კონტეინერი, $15 მლნ ინვესტიცია). 50%-ს ფლობს ყაზახური PTC HOLDING, 35%-ს - მამუკა მერკვილაძე, 10%-ს კახაბერ ლატარია;

შპს ფოთი ქარ ტრანზიტი და ფოთი ტრანზიტი: 100% და 95% წილებით მერკვილაძის საკუთრებაა;

შპს ინვესტ გრუპ ჯორჯია: გადაზიდვების მომსახურება. მფლობელები: მ. მერკვილაძე (35%), ყაზახური PTC HOLDING (50%). ფლობს 88,243 კვ.მ მიწას;

მერკვილაძე ასევე ფლობდა 35% წილს ბალდის კანიონის სკანდალურ პროექტში.

ე) ფოთის ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები:

გოჩა კურდღელია (ყოფილი მერი) არის შპს კავკასიან მეტალს ტერმინალის დირექტორი და 15% წილის მფლობელი (რომლის 85%-ს კვიპროსული ოფშორი ფლობს, დაკავშირებული ავსტრიისა და მონაკოს მოქალაქეებთან). ასევე ფლობს 3.5%-ს შპს მეტალექსში (შავი და ფერადი ლითონები). მან ჯამში 120,000 ლარი შეწირა პარტიებს;

ვახტანგ ალანია (ყოფილი მერი) არის შპს სოფმარში (საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები) დირექტორი;

ჯემალ ინაიშვილი (ყოფილი პარლამენტარი, ფოთის პორტის ყოფილი უფროსი): სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შპს მედლოგ ფოთში (რომლის 80%-ს შვეიცარიული მედლოგ ეს.ეი ფლობს).

ჯგუფი III: საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები

კვლევამ აჩვენა, რომ სტრატეგიული დარგების - ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები;

ამ ნაწილში ფიგურირებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ფოთის ყოფილი მერი, გოჩა კურდღელია, რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძე და სხვები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო რესურსებზე წვდომა ხშირად პოლიტიკური გავლენების შედეგია;

ფოთში შექმნილი ახალი საზღვაო ნავსადგურის მფლობელები “ქართული ოცნების” მნიშვნელოვანი დონორები არიან. პეის ჯორჯიას დირექტორმა, მფლობელებმა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებმა ჯამში 1,146,340 ლარის შეწირულება გაიღეს. ჯგუფი ფოთში განკარგავს 264,534 კვ.მ ტერიტორიას. ირაკლი კობახიძის განკარგულებით მათ სიმბოლურ ფასად, 49 წლის ვადით გადაეცათ ზღვის ფსკერზე არსებული 5,239 კვ.მ მიწა;

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისა და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია  შპს კ და ქართული სპირტი, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში.

ჯგუფი IV: რუსული კაპიტალი და ოფშორული გავლენები

ფოთის სტრატეგიულ ეკომონომიკურ სექტორებში აღსანიშნავია რუსული კავშირების მქონე პირთა წარმომადგენლობა. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ექვსი პირი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. ამ ჯგუფში შედის ტერმინალები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები არიან.

შპს ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ - საქართველო: ფლობს ნავთობის ტერმინალებს (აქტივები: 60 მლნ ლარი 2020 წელს). კომპანიის 75%-ს ფლობს გიბრალტარული ოფშორული კომპანია, რომლის საბოლოო ბენეფიციარი იყო დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული Petrocas Energy International, რომლის 49%-ს სანქცირებული რუსული როსნეფტი ფლობდა 2022 წლამდე. კომპანია ასევე ფლობს წილს შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში“ ვირჯინიის კუნძულების ოფშორთან ერთად;

შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი (PGT): 50%-ს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული TOWER CAPITAL TRADING, რომლის საბოლოო მფლობელები რუსეთის მოქალაქეები ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი არიან;

სს ფოთი სტორიჯ სოლუშენს: ტვირთის დასაწყობება/შენახვა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ჯანი მიხაილოვი (იგი ასევე მართავდა სააქციო საზოგადოება რუსელოისს, რომლის გაკოტრების საქმე მიმდინარეობს ამჟამად რუსეთში. ეს კომპანია მოიპოვებდა მანგანუმს თერჯოლაშიც. მიხაილოვი ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში);

შპს ფოთის ლოგისტიკური პარკი ეწევა  სატერმინალო მომსახურებას, ფლობს 22,891 კვ.მ მიწას. კომპანიის 49%-ს ფლობს სენ კიტსისა და ნევისის (და სავარაუდოდ, რუსეთის) მოქალაქე ანდრეი ბარანოვი;

შპს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: დაარსდა 2008 წელს არაბული RAKIA-ს მიერ. 2017 წელს 75% ჩინურმა CEFC China Energy-მ შეიძინა (ხელმძღვანელი დააკავეს). ამ პერიოდში მმართველ კომპანიაში მრჩევლად მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომპანიის გაკოტრების შემდეგ, 2025 წელს სახელმწიფომ 100%-იანი წილი დაიბრუნა.

ჯგუფი V: მსხვილი ქართული კორპორაციები

ვისოლ ჯგუფი (ძმები ფხაკაძეები):

შპს მპ დეველოპმენტი: სამეთვალყურეო საბჭოში არიან Forbes-ის სიაში მყოფი ლევან და სოსო ფხაკაძეები. კომპანია ფოთში ფლობს 2,682 კვ.მ ფართობის მქონე სავაჭრო ცენტრს ფოთი მოლი. ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს 207,700 ლარი აქვთ შეწირული.

უჩა მამაცაშვილის პარტნიორები:

შპს კ და ქართული სპირტი: მდებარეობს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში. საქართველოში ალკოჰოლის უმსხვილესი მწარმოებელი. 80%-ს ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი (მამაცაშვილის პარტნიორი, უკრაინის მიერ სანქცირებული). კომპანიის დირექტორებმა და კარიჭაშვილის სხვა კომპანიებმა ჯამში 557,000 ლარი შესწირეს ოცნებას.

სააქციო საზოგადოება ნიკორა:

შპს კორიდა: ხორცპროდუქტების მწარმოებელი ფოთში. მიღებული აქვს 224,932 ლარის ტენდერები.

კაჭარავა-ჭიორელის ჯგუფი:

ამ ჯგუფს ფოთში რამდენიმე მსხვილი ბიზნესი გააჩნია შპს აისბერგი ფოთი (სასაწყობო-სამაცივრე, 70% ბ&ჯ, 30% ყაზახეთის მოქალაქე იგორ მარტინოვი); შპს ამერიქენ მონოლითშპს რეალ ტრანსი (სატვირთო გადაზიდვები ფოთი-თბილისი-ერევანი-ბაქო); შპს ვიტამინი 2017 (ბანანისა და ხილის მსხვილი იმპორტიორი). ლევან კაჭარავასა და ლევან ჭიორელს. პოლიტიკური შეწირულებების სახით 290,000 ლარი აქვთ გაღებული.

ჯგუფი VI: სამშენებლო სექტორი და სახელმწიფო შესყიდვები

ამ ჯგუფში შემავალი კომპანიები დიდწილად სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულნი.

შპს პრაიმ ბეტონმა 2012 წლიდან მიიღო 72,901,804 ლარის ღირებულების კონტრაქტები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თავდაცვის ძალების ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე;

შპს გზა მშენებელი 13-მა მიიღო 36,429,600 ლარის კონტრაქტები. კომპანიის მფლობელები “ქართული  ოცნების” შემწირველები არიან;

შპს ტოტალმა მიიღო 12,985,565 ლარის ხელშეკრულებები.

2. კვლევის ძირითადი მიგნებები

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

სისტემური კორუფციის ნიშნები: სახელმწიფო რესურსებზე წვდომა  მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს;

პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა. ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5,396,370 ლარის ოდენობის შეწირულება. ქართულმა ოცნებამ, მისმა სატელიტმა ხალხის ძალამ და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა  მიიღეს 4,671,980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი);

რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3  მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები  დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს;

ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);

თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები  (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს.

კომენტარები