ფოთის პორტი

ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ფოთის პორტის გაფართოება "მხოლოდ გეგმებია"

მაია ცქიტიშვილი
ტაბულა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის, APM ტერმინალსის სურვილი, გაფართოვდეს პორტი, ახალი არაა, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს გეგმებად რჩება.

"APM ტერმინალსის მხრიდან არა მხოლოდ შარშანდელ წელს, არამედ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უკვე, სხვადასხვა საჯარო კომუნიკაციის სახით, ცხადდება მათი განზრახვების თაობაზე, რომ გაფართოვდეს ტერმინალი, მოხდეს მისი რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ გეგმებია." - აცხადებს მინისტრი.

კითხვაზე, აქვს თუ არა თავად კომუნიკაცია APM ტერმინალსთან, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ეს მისი უფლებამოსილების სფეროს არ განეკუთვნება.

"მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია, ვინაიდან ეს ჩემი უფლებამოსილების სფეროს არ განეკუთვნება".

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

ცქიტიშვილმა დღეს ისიც განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე გადაუწია.

ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.

კომენტარები