გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შუალედური ეტაპის სახით უკრაინას EU-ს სტრუქტურებში პირდაპირი როლი მიენიჭოს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასამთავრებლად შეთანხმების დადებას შეუწყოს ხელი.
Reuters-ის მიერ ნანახი წერილის მიხედვით, მერცმა ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზა, რომ უკრაინას "ასოცირებული წევრის" სტატუსი მიანიჭონ, რომელიც უკრაინელ მაღალჩინოსნებს – ხმის მიცემის უფლების გარეშე – ევროკავშირის სამიტებსა და მინისტერიალებზე დასწრების საშუალებას მისცემს.
მერცი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებ,ა "პოლიტიკური ვალდებულება" აიღონ, რათა ურთიერთდახმარების მექანიზმი უკრაინასაც შეეხოს "იმისთვის, რომ ხელშესახები უსაფრთხოების გარანტია შეიქმნას".
ანალიტიკოსების თქმით, მკაფიო სამოქმედო გეგმა შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი იყოს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით უკრაინელების დარწმუნების მხრივ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მთელ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ აღადგენს ან NATO-ში ვერ გაწევრიანდება.
თუმცა, Reuters-ის ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ არარეალისტურია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინისთვის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის განხილულ 20-პუნქტიან გეგმაში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი იყო ნახსენები.
"ჩემი წინადადება უკრაინის განსაკუთრებულ ვითარებას ასახავს – ომში მყოფი ქვეყნისას. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს," აღნიშნა მერცმა და დაამატა, რომ ეს "აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვისაც."




