აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპის თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების თხოვნით ირანზე ხვალისთვის დაგეგმილი იერიში გადადო

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით ირანზე ხვალისთვის დაგეგმილი სამხედრო იერიში დროებით გადადო და ახლა "სერიოზული მოლაპარაკებები" მიმდინარებს, რის ფარგლებშიც, აშშ-ს მოკავშირეების აზრით, "შეთანხმება იქნება მიღწეული". 

ტრამპის თქმით, პოტენციური შეთანხმებით, რომელიც აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაც იქნება მისაღები, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ დაეუფლება. 

"ზემოხსენებული ლიდერების მიმართ ჩემი პატივისცემის საფუძველზე, აშშ-ს არმიას ვუბრძანე, რომ ხვალ ირანზე დაგეგმილ იერიშს არ მივიტანთ, მაგრამ ასევე დავავალე, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, მასშტაბური და მყისიერი იერიშისთვის, იმ შემთხვევაში, თუკი მისაღებ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ." – დაამატა ტრამპმა. 

მანამდე ტრამპმა გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანის მხრიდან ახალი, შეცვლილი სამშვიდობო წინადადების მიღების შემდეგ, თეირანთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს. გამოცემასთან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში მან ასევე დაამატა, რომ ირანმა იცის, "თუ რა მოხდება მალე".

17 მაისს გამოცემა Reuters წერდა, რომ პაკისტანმა აშშ-ს ირანის ახალი, შეცვლილი წინადადება მიაწოდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომი დამთავრდეს, თუმცა, ამავე წყარომ აღნიშნა, რომ მხარეებს შეთანხმების მისაღწევად "ბევრი დრო აღარ დარჩათ". 

მოგვიანებით ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ დაადასტურა, რომ თეირანის პოზიცია "პაკისტანის მეშვეობით ამერიკულ მხარეს გადასცეს."

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე მეექვსე კვირაა, რაც ძალაშია, თუმცა პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის ფონზეც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მისამართით მუქარა განაახლა და განაცხადა, რომ "ირანის დრო იწურება". 

პარალელურად, გამოცემა Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების განსახილველად შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, Axios-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ გუშინ, 16 მაისს, ტრამპმა ირანის საკითხის განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ესწრებოდნენ. 

ამასთანავე, Times of Israel-ის ინფორმაციით, ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ლიდერებმა ირანთან ომის განახლების საკითხი და ასევე ჩინეთში ტრამპის ბოლო ვიზიტი განიხილეს.

კომენტარები