აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო ეწურება და თუ მალე არ იმოქმედებენ, "მათგან აღარაფერი დარჩება".
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ირანის დრო იწურება და ჯობია, რომ მოქმედება მალე დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება. დრო არსებითია!" - წერს ტრამპი.
ამასთან, გამოცემა Axios-ს ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, რომ ტრამპს ომის დასასრულებლად შეთანხმების დადება სურს, თუმცა ირანის მხრიდან მრავალი მოთხოვნის უარყოფისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე უარის თქმის გამო სამხედრო მოქმედების სცენარი კვლავ განიხილება.
გამოცემას ანონიმური წყაროები ეუბნებიან, რომ ტრამპი სავარაუდოდ 19 მაისს სამხედრო მოქმედების ვარიანტების განსახილველად თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება.
Axios-ის წყაროების თქმით, გუშინ, 16 მაისს ტრამპი თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის საკითხის განსახილველად შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და CIA-ს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ესწრებოდნენ.
გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ ირანს "წინაზე გაცილებით უფრო ძლიერად" დაარტყამს, თუკი ისინი უკეთეს შეთავაზებას არ წარადგენენ.
"გვსურს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი არ არიან იქ, სადაც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ. მათ მოუწევთ, რომ იქ მივიდნენ ან ძლიერად დავარტყამთ და ეს მათ არ აწყობთ". - თქვა ტრამპმა გამოცემასთან საუბრისასს.
პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტელეფონით ილაპარაკა.




