არაბთა გაერთიანებული საამიროების ინფორმაციით, აბუ-დაბიში დრონებით თავდასხმის გამო ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. აბუ-დაბის მედიის ოფისის მიხედვით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მას რადიაციულ უსაფრთხოებაზე გავლენა არ ჰქონია.
განცხადების მიხედვით, ხანძარი ბარაკას ატომურ ელექტროსადგურზე გაჩნდა, ხანძარს ელექტროსადგურის უსაფრთხოება ან მისი მნიშვნელოვანი სისტემები არ დაუზიანებია და ყველა ნაწილი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) შემთხვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ვითარებას ახლოდან აკვირდება". IAEA-ს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ "შემთხვევასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ სამხედრო აქტივობა, რომელიც ბირთვულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის, დაუშვებელია".
გროსიმ "ნებისმიერი ატომური ელექტროსადგურის მახლობლად სამხედრო თვალსაზრისით მაქსიმალური თავშეკავებისკენ" მოუწოდა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მიიტანა დრონებით იერიში. თუმცა, აქამდე საამიროები აცხადებდა, რომ ირანული დრონებით იერიშების მოგერიება უწევდათ.




