რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უცხოელ ჟურნალისტებს 9 მაისის აღლუმისთვის აკრედიტაცია მოუხსნა

რუსეთის სამხედრო ტექნიკა 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე

უცხოური მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ მოსკოვში 9 მაისის აღლუმის გასაშუქებლად აკრედიტაცია მისცეს, შემდეგ კი "არსებული ვითარების გამო" მოუხსნეს და განუცხადეს, რომ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ რუს ჟურნალისტებს შეეძლებათ.

Spiegel იუწყება, რომ კრემლისგან მსგავსი პასუხი მიიღეს ARD-მ, ZDF-მ, Sky-მ, AFP news agency-მ და იტალიისა და იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ გამარჯვების დღის აღნიშვნის "ჩაშლის მცდელობის" შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

წელს რუსეთი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კრემლმა პირველად არ დაპატიჟა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8-9 მაისს მოსკოვში ინტერნეტი სრულად გაითიშება. უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ლიდერებს ურჩია, რომ 9 მაისს მოსკოვში არ ჩავიდნენ.

 
 

კომენტარები