აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანის მტკიცებით, აშშ-მ ზავი დაარღვია და მათ ხომალდებზე საპასუხო იერიშები მიიტანეს

ებრაჰიმ ზოლფაღარი  

ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერი, ებრაჰიმ ზოლფაღარი აშშ-ს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ამერიკულ ხომალდებზე საპასუხო იერიშები მიიტანეს.

ზოლფაღარის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტის წყლებში თავს დაესხა ორ ირანულ ნავთობმზიდს და იერიშები მიიტანა ხამირის პორტზე, სირიკსა და კეშმის კუნძულზე.

მისივე მტკიცებით, ირანმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ განლაგებულ ამერიკულ ხომალდებზე საპასუხო იერიშები მიიტანა და გემები დააზიანა. თეირანში წარსულშიც ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკული საბრძოლო ხომალდები დააზიანეს, თუმცა მსგავსი ცნობები არ დადასტურებულა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ, რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, იერიშები მიიტანა ბენდერ-აბასსა და კუნძულ კეშმზე. ცნობების მიხედვით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ამოქმედდა თეირანშიც.

 

კომენტარები