ირანული მედიის ცნობით, ირანის დელეგაციამ შვეიცარიაში აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე დატოვა სასაუბრო ოთახი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ლიბანში ჰეზბოლას არ შეაჩერებდა, ხელახალ იერიშებს მიიტანდნენ.
"ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციამ, კატარის, როგორც ერთ-ერთი შუამავალი მხარის, დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ დატოვა შენობა, სადაც მოლაპარაკებები იმართებოდა... მაშინ, როცა შვეიცარიაში მოლაპარაკებები დაიწყო, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა გზავნილი X-ზე, რომელშიც მან ირანის წინააღმდეგ მუქარა გაიმეორა." - წერს ირანული სამთავრობო მედია IRNA.
დიპლომატიური ცნობების მიხედვით, ირანის დელეგაცია მოლაპარაკებებში კვლავ ჩართულია და პროცესის დატოვებას არ აპირებენ. როგორც CNN-ი წერს, მათ ირანულმა წყარომ უთხრა, რომ მოლაპარაკებები დროებით შეჩერდა, თუმცა არ დასრულებულა.
"ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საკუთარი ძვირად დაფინანსებული ფროქსი ძალები ლიბანში პრობლემების გამოწვევისგან. თუ არ იზამენ, ირანს კვლავ ძალიან მაგრად დავარტყამთ, როგორც გასულ კვირას გავაკეთეთ, თუმცა უფრო ძლიერად." - დაწერა აქამდე ტრამპმა.




