რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფმა, რომელიც მალიში სამხედრო ხუნტას ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებაში ეხმარება, 27 აპრილს დაადასტურა, რომ მეამბოხე მებრძოლებისა და ისლამისტების ალიანსთან ძლიერი შეტაკებების შემდეგ, მათმა ძალებმა მალის ქალაქ კიდალიდან უკან დაიხიეს.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ალ-კაიდას ადგილობრივმა განშტოებამ, "ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინმა (JNIM)", და ტუარეგი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაცია "აზავადის გათავისუფლების ფრონტმა" სამთავრობო ძალების წინააღმდეგ კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს.
მეამბოხე ტუარეგებისა და ისლამისტების ალიანსის ერთობლივი თავდასხმების სამიზნე ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დიდი ქალაქი იყო, მათ შორის, მალის დედაქალაქი ბამაკოც. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ თავდასხმები მოიგერიეს.
ახლად ჩამოყალიბებული ალიანსის სამიზნე იყო ქალაქი კიდალიც, რომელიც წარსულში აზავადის გათავისუფლების ფრონტის საყრდენი იყო და გასული დღეების იერიშის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა.
რუსეთის აფრიკულმა კორპუსმა განაცხადა, რომ კიდალიდან უკან დახევის გადაწყვეტილება მალის მთავრობასთან შეთანხმებით მიიღეს.
"მალის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, აფრიკული კორპუსის ქვედანაყოფებმა, რომლებიც ქალაქ კიდალში იყვნენ განლაგებულები და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, მალის არმიის სამხედროებთან ერთად ტერიტორიიდან უკან დაიხიეს." – წერია Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ მეამბოხეებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც ეკიპაჟის ყველა წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მალის ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც ასიმი გოიტა უძღვება, ხელისუფლებაში 2020 და 2021 წლის სამხედრო გადატრიალებების შედეგად მოვიდა. ქვეყნის ხუნტამ კავშირი გაამყარა რუსეთთან, ხოლო დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამ სტრატეგიის მხარდამჭერებსა და წამხალისებლებს შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა, რომელიც ბოლო დღეებში ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის თავდასხმას ემსხვერპლა.
წარსულში მალის ხუნტას ისლამისტებსა და აზავადის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში ევგენი პრიგოჟინის კსკ ვაგნერი ეხმარებოდა. რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვაგნერის ჯგუფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ქვედანაყოფმა აფრიკულმა კორპუსმა ჩაანაცვლა.





