ოპოზიციის ალიანსი

არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ - სააკაშვილი ალიანსზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "არსაიდან გასვლას" არ აპირებს და რომ "არც ზურგში დანის ჩარტყმას" მოითმენს.

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია.

დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს და ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა.

არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო.

ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას." - წერს სააკაშვილი.


ცნობისთვის, 18 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილი წერდა, რომ "2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი."

20 აპრილს ექსპრეზიდენტის ამ განცხადებას, ოპოზიციურ ალიანსში შემავალი 8 პარტია გამოეხმაურა და დაწერა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. 

ამ განცხადებიდან 2 დღეში, სოციალურ ქსელში კიდევ 2 პოსტი გამოაქვეყნა კოალიცია ცვლილებისთვის წევრებზე ნოდარ ჩაჩანიძესა და გიგა ლემონჯავაზე. ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კი, ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ანა წითლიძე წერდა, რომ მიაჩნია, ენმ-მ ალიანსი უნდა დატოვოს.

22 აპრილს, გირჩი - მეტი თავისუფლების თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ, TV პირველის ეთერში თქვა, რომ აქვს განცდა, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს. 

"ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არამხოლოდ მიშასი, არამედ ენმ-ს რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ ალიანსიდან, დანარჩენი ყველაფერი ჩემი აზრით, ხმაურია. დღეს რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, ეგ განცდა დამრჩა, პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია..." - განაცხადა ჯაფარიძემ. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TV პირველის ეთერში ასევე ისაუბრა ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ "ენმ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს"

კომენტარები