ოპოზიციის ალიანსი

როგორც ჩანს, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს – ჯაფარიძე

ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლების თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, "ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი" განცდას უტოვებს, რომ როგორც ჩანს, ენმ-ს ალიანსიდან გასვლაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

"ბოლო სტატუსები და კომენტარები რაც წავიკითხე, არამხოლოდ მიშასი, არამედ ენმ-ს რამდენიმე სხვა ლიდერისაც, ჩემი განცდაა, რომ როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ ალიანსიდან, დანარჩენი ყველაფერი ჩემი აზრით, ხმაურია. დღეს რაც წავიკითხე და რაც მოვისმინე, ეგ განცდა დამრჩა, პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია...

არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს, არც ის მგონია სწორი, რაც ახლა ხდება, მათ შორის ის კომენტარები და ტექსტები, რაც წავიკითხე. თუმცა მეორე მხარესაც, რომ თითქოს ეს კიდევ უფრო დააზიანებს პროცესს და ხალხი ნიჰილიზმში ჩავარდება, ესა და ისა, მაგისაც არ მჯერა [...]

სამწუხარო ნაბიჯი იქნება თუ ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება, თუ გესმის, რა რეალობაში ვართ, რომ აქედან გამოსავალი მარტო ძალების გაერთიანებაშია". - თქვა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ალიანსის წევრებს და "იქითა მხარეს" შეეძლოთ, უბრალოდ [მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე] კომენტარისგან თავი შეეკავებინათ, ჯაფარიძემ თქვა, რომ ალიანსის წევრებსა და ალიანსს ბევრ შემთხვევაში კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის არც 22 აპრილის განცხადებებზე.

"ალიანსმა გააკეთა კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა თავდასხმა იყო კონკრეტულად ნიკა მელიაზე, ალიანსის წევრი ერთ-ერთი პარტიის პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც თვითონაც იმყოფება პატიმრობაში. მარტო იმ შემთხვევაში იყო რეაგირება ალიანისის მხრიდან, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერზე იყო საუბარი. ალიანსი არის კონკრეტული შეთანხმების გარშემო პარტიების ერთობა და იმ შეთანხმებაში ძალიან კონკრეტულად და გასაგებად წერია, რა არის თანამშრომლობის ჩარჩოები, ასევე გაწერილია ქცევის წესები" - ამბობს ჯაფარიძე.

ამასთან, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის შეფასებით, არასერიოზულია განცხადებები, რომ ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს "ებრძვიან".

"ის, რასაც ასახელებენ და რაც გუშინ მესმოდა, რომ ალიანსი ფოკუსირებულია პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმაზე და რაღაცეები, არ ვიცი, იმ შეხვედრებს მარტო მე არ ვესწრები, ალიანსის შეხვედრებს ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც და ნებისმიერს შეუძლია თქვას, რა ხდება იმ შეხვედრებზე, არის თუ არა ასეთი განწყობა და საერთოდ, განიხილება თუ არა ეგეთი რაღაცეები. არაფერი მსგავსი არ ხდება, "დასპინეს" რაღაცა, რომ ვითომ ვიღაცა თუ ვიღაცები ებრძვიან პრეზიდენტ სააკაშვილს და არაფერი მსგავსი არ ხდება, ცხადია, არასერიოზულია ეს ყველაფერი, რეალური მიზეზი რა არის, მე არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გასვლა უნდათ. რატომ უნდათ გასვლა, არ ვიცი. შეიძლება, ფიქრობენ, რომ რაღაცებს უკეთესად გაართმევენ თავს, წარმოდგენა არ მაქვს, თვითონ იტყვიან ალბათ" - ამბობს ჯაფარიძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - "თქვენ გექნებათ დარწმუნების მცდელობა, რომ არ მიიღონ ეს [ალიანსიდან გასვლის] გადაწყვეტილება?", ჯაფარიძემ უპასუხა:

"მე არ მექნება არანაირი მცდელობა. მე ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე იმაზე, რომ როდესაც ეს ალიანსი შეიქმნა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობაც იქ ყოფილიყო. კომუნიკაცია მექნება, მცდელობა არა, ალიანსი არ არის იძულებითი, ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და თუ რომელიღაც პარტიას და პარტიის ლიდერებს არ უნდათ, რომ მათი პარტია იყოს ამ ალიანსის წევრი... მე არ მექნება მცდელობა, არავის არაფერში დარწმუნებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ როცა ალიანსი იქმნებოდა, მე პირადად მაქვს დახარჯული ბევრი დრო და ენერგია იმაზე, რომ ისეთი შეთანხმება ყოფილიყო, სადაც ენმ-ც მაგის ნაწილი იქნებოდა. და თუ არ უნდათ ადამიანებს, არ უნდათ... საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებთან ერთად მაინც ერთ ბრძოლაში დავრჩებით, რა". - თქვა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ენმ ოპოზიციის ალიანსს დატოვებს, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი პასუხობს, რომ არ ჰგონია, ამის გამო საზოგადოების განწყობები "პრინციპულად გადატყდება და შეიცვლება".

"ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში ისედაც, არაფერი მაგის ქვემოთ აღარ არის, ასაშენებელი და დასაწყებია ქვემოდან, ალიანსი იყო მაგის შანსი ან არის მაგის შანსი, რომ იქიდან დავიწყოთ და რაღაცა დავაშენოთ. და არ იქნება ნაციონალური მოძრაობა ამისი წევრი, ვინც იქნება, ისინი დაიწყებენ მშენებლობას [...]

[...] ამ ალიანსს ჰქონდა და ჯერ კიდევ რჩება პოტენციალი, რომ ამ ალიანსზე აშენდეს რაღაცა დიდი, მძლავრი ერთობა, ძალების გაერთიანება, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ რეჟიმს გაუწიოს წინააღმდეგობა და საბოლოო ჯამში, ბრძოლა მიიყვანოს გამარჯვებამდე. ცხადია, ნაციონალური მოძრაობა თუ იქნება, შანსები გაცილებით მეტია და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ალიანსს გაცხადებული ჰქონდა, რომ მაგალითად, ლელოც ყოფილიყო ამის ნაწილი, საერთოდ ყველა ძალის გაერთიანება მომხდარიყო, ვინც არის რეჟიმთან დაპირისპირებული. ეს იყო ჩანაფიქრი ამ ალიანსის... პოტენციალი თუ ოპოზიციურ ფლანგზე რამეს გააჩნია, ისევ ამ ალიანსს გააჩნია" - თქვა ჯაფარიძემ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობდა, რომ "2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი".

20 აპრილს ოპოზიციის ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის მიერ საჯარო განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ 2 პოსტი გამოაქვეყნა კოალიცია ცვლილებისთვის წევრებზე ნოდარ ჩაჩანიძესა და გიგა ლემონჯავაზე. ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კი, ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ანა წითლიძე წერდა, რომ მიაჩნია, ენმ-მ ალიანსი უნდა დატოვოს.

კომენტარები