The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა გასცა ბრძანება, ახლო აღმოსავლეთში გაგზავნონ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 2000-მდე სამხედო, რათა ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდეს დამატებითი სამხედრო შესაძლებლობები ირანთან დიპლომატიური ინიციატივის განხილვის პარალელურად. ამის შესახებ NYT-თან პენტაგონის ანონიმურმა წარმომადგენლებმა ილაპარაკეს.
სამხედროებს გამოყოფენ დივიზიის დაუყოვნებელი რეაგირების ძალებიდან. ამ ბრიგადაში 3000-მდე სამხედრო შედის და შეუძლიათ 18 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასხდომა.
NYT-ის ცნობით, კონტინგენტში შედის დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ბრენდონ რ. ტეგტმეიერი, ასევე სარდლობის ათეულობით წარმომადგენელი და ორი ბატალიონი, თითო 800-მდე ჯარისკაცით. ამავე წყაროს თქმით, შესაძლოა მომავალ დღეებში ბრიგადიდან დამატებითი სამხედროებიც გაგზავნონ.
რეგიონისკენ უკვე მიემართება დაახლოებით 4500 საზღვაო ქვეითი. 2300-მდე საზღვაო ქვეითი 31-ე საექსპედიციო ქვედანაყოფიდან ახლო აღმოსავლეთს კვირის ბოლომდე მიაღწევენ. დაახლოებით ამავე რაოდენობის საზღვაო ქვეითები 11-ე საექსპედიციო ქვედანაყოფიდან დანიშნულების ადგილს აპრილის შუა რიცხვებში მიაღწევენ. უცნობია თუ რომელ ქვეყანაში განლაგდებიან სამხედროები. ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ნავთობით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის დაკავებას განიხილავს. საზღვაო ქვეითები და მედესანტეები შესაძლოა ამ მისიისთვის გამოიყენონ.





