ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ალიანსის მიერ წარმოდგენილ 4 ინიციატივას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ არც მათ განცხადებებს და არც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს საზოგადოების თვალში არავითარი ფასი არ აქვს, შესაბამისად, ნულია მათი წარმატების შანსი.
"პირველ რიგში, ეს არის კრიმინალების განცხადება. თქვენ იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. თავის დროზე, იგივე როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა, მაგალითად, მედიასაშუალებებზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. და ახლა ეს კრიმინალები, ეს დამნაშავეები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20% გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე.
ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში. ამიტომ არ აქვს ფასი არც მათ განცხადებებს, არც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, არც რაიმე სხვას იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს.
რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ. აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი." - თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
დღეს ოპოზიციის ალიანსმა საზოგადოებას გააცნო 4 ინიციატივა, რასაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში გააკეთებენ.
"პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს. მათ შორის, გვინდა, საზოგადოებას 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის, პასუხისმგებლობის შესახებ მოვუყვეთ, რასაც ჩვენ მომდევნო 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ." - თქვა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე.
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.
ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია "ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ," ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ "წამების ზღვარსაც მიაღწია," რასაც "თან ახლდა" ძალადობის ჩამდენთა "სრული დაუსჯელობა".





