ეუთო/ოდირის ანგარიში

კამიტიც, რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული - ყაველაშვილი მოსკოვის მექანიზმზე

ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში ეუთო/ოდირის ანგარიშზე ისაუბრა.

ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს.

მან ასევე თქვა, რომ "აქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კარგად უნდა განუმარტოს ჩვენს საზოგადოებას", თუ რას გულისხმობს და რატომ არის ეუთო/ოდირის ანგარიში ჩვენთვის "უმნიშვნელო." 

"რომ დავიწყოთ პირველი რეზოლუციით, სამარცხვინო რეზოლუციები რომ მიიღეს - სააკიშვილთან მიმართებაში, თითქოს, ვაწამებთ. რიცხვი ხომ არ იცვლება, სულ რაღაც 10 ადამიანია, ვინც მუდმივად ამ თემით სპეკულირებს, ერთი ძალა არის - აქ მყოფი მეხუთე კოლონა და ეს ხალხი, იგივე შემადგენლობაა. ეს მექანიზმიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

(...) თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს.

ძალიან კარგი პასუხი გასცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ბატონმა მაისურაძემ, ძალიან კარგად, პროფესიონალურად ჩამოაყალიბა, თუ რამდენად შეუსაბამო იყო თავად ეუთო-ს წესებთან. მაგრამ მოთხოვნა მექნება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახსენე, ჩვენმა ელჩმა ძალიან კარგად განმარტა, მაინც იქნება აუცილებელი, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს სრულყოფილად - თუ რას ემსახურება, ვინ ადგენს ამ აქტს და რასთან არის კავშირში.

(...) კამიტიც, რეზოლუციაც, ეს აქტიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თავისთავად, ვისთანაც პირდაპირ კავშირშია, ეს არის მეხუთე კოლონა, ვინც ამ ყველაფრის შესახებ უნდა ისაუბროს. ასევე, შეგიძლიათ, მიამატოთ, რომ ეს იყო იგივე კამპანია, რომ თითქოს, აქ ტერორისტებს ამზადებენ, იგივე ადამიანების ჯგუფი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს მეხუთე კოლონაში და ეს პროცესიც დაძრულია.

სამწუხაროდ, ამ საერთო ძალას ასევე ჰყავს თავისი [მოკავშირე] ამერიკის შეერთებულ შტატებში - კონგრესში ჯო უილსონი, რომელიც მუდმივად პოზიციონირებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ გახსოვთ, დაიწყეს რუსეთით, გადავიდნენ ჩინეთზე და ახლა ირანზე და ესენიც ერთ ხმაში ამ ყველაფერს აჟღერებენ. ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ერთად ავითარებენ ამ პროცესებს." - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები