ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
"ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებითა და მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც თავის მანდატს გასცდა და საბოლოო ჯამში, კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად. ეს საკმაოდ ბლიც მექანიზმი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან მისი პროფესიული კავშირი არ ჰქონია, სულ 2 დღით იყო ჩამოსული და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ მან 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა [...]
ჩვენ კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა გვქონდა. 10 მარტს საქართველოს მთავრობის მხრიდან შენიშვნებისა თუ კომენტარის 100-გვერდიანი პასუხი გაიგზავნა და 12 მარტს ეს დასკვნა უკვე სხდომაზე გამოვიდა. ანუ, ექსპერტმა 1 დღეც კი არ დაიტოვა, რომ 100-გვერდიანი პასუხი წაეკითხა, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რაიმე კორექტივი შეეტანა თუ არა". - თქვა პაპუაშვილმა სანქცირებული TV იმედის ეთერში.
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.
ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა.





