პენიტენციური სამსახური

მენთეშაშვილი არ იმყოფება კარცერში, განთავსებულია საკარანტინე საკანში - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური 

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება საპროტესტო აქციის დროს "გზის გადაკეტვის" გამო დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუას გავრცელებულ ინფორმაციას.

პენიტენციურის მიხედვით, მენთეშაშვილი არ იმყოფება კარცერში და განთავსებულია ე.წ საკარანტინე საკანში.

სამსახური ასევე ავრცელებს ვიდეოს, რომელიც იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისითაა დათარიღებული. მათივე განმარტებით, დაარქივებულ მასალას, რომელშიც "ასახულია მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრები", საზოგადოების ინფორმირების მიზნით ასაჯაროვებენ. 

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი არ იმყოფება სამარტოო საკანში (ე.წ კარცერი). პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებული დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის საკანში (ე.წ საკარანტინე საკანი).

მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა 2025 წლის 06 ნოემბერს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, პენიტენციურ დაწესებულებებში „მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად განთავსებულ იქნა მოშიმშილე პირებთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ზურაბ მენთეშაშვილი ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, მისი გაჩერება ვერ მოხდებოდა მოშიმშილე პირებთან ერთად. აღნიშნულის თაობაზე დაწესებულების მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ საკანში განთავსებული სხვა მოშიმშილე ბრალდებულები.

ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დღესაც განთავსებულია ისეთ საკანში, რომელშიც მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. დაწესებულების დირექტორის მომართვის საფუძველზე, საკანში გადაღებული ჩანაწერის დაარქივება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის დავალების შესაბამისად, ხორციელდება 2025 წლის 26 დეკემბრიდან, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მენთეშაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სისტემატურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ინტერესების დამცველი ადვოკატი თავად საუბრობს მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დაარქივებული მასალის გასაჯაროებას, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მეთეშაშვილის კონფლიქტი საკვების ერთმანეთისგან ფარულად მიღების გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, ორივე ბრალდებული იკვებება სრულყოფილად, იღებენ როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულმა დენის კულანინმა 2026 წლის 17 თებერვალს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, თუმცა მიუხედავად ამისა, შიმშილობის გამოცხადების დღიდან, მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს, როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულებაში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები." - წერია პენიტენციურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, მენთეშაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია კარცერში, სადაც არაადამიანურ პირობებში იმყოფება. 

"როგორც თვითონ განმარტა, არ აქვს პირსახოცი, არ აქვს ხელსაბანი საშუალებები, არ აქვს კბილის ჯაგრისი და ამასთანავე, საკანში არის ძალიან სიბინძურე, ვინაიდან არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაასუფთაოს საკანი. ასევე, როგორც ამბობს, საკანში არის ტარაკნები. როგორც თვითონ განმარტავს, ამის მიზეზი არის ის, რომ რამდენჯერმე მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა და ამის მიუხედავად, შიმშილობა არ შეწყვიტა." - თქვა ჭკადუამ. 

კომენტარები