პენიტენციური სამსახური

საკანში შეხვედრის ვიდეოს გასაჯაროებაზე პენიტენციურს დავა სააპელაციოშიც მოვუგე – ადვოკატი

იურისტის, ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, ციხის საკანში პატიმართან შეხვედრის კადრების გასაჯაროვების საქმე პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს.  

"პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე. ეს პირველი პრეცედენტია!

2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს.

მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა". - წერს ადვოკატი ლევან ალაფიშვილი. 

2020 წლის იანვარში მაშინდელმა იუსტიციის მინისრტმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოსმენაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე წარმოადგინა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, 2019 წელს პატიმრის საკანში იყო გადაღებული, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგს ახორციელებდა. წულუკიანი ამბობდა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელმა პატიმარს ყავა ორჯერ მოადუღებინა, მისი შოკოლადი მიირთვა და სიგარეტი მოწია. მისივე მტკიცებით, ეს იყო "სავალალო მაგალითი", თუ როგორ ახორციელებდნენ ლომჯარიას წარმომადგენლები მონიტორინგს. 

"ჰოდა, დაისაჯა. ესეც 3:0". - დაწერა ადვოკატმა ალაფიშვილმა.  

კომენტარები