კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება ტრუდომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ტრუდო პრემიერმინისტრის მოვალეობებს დროებით შეასრულებს, სანამ ახალი ლიდერი შეირჩევა.
"მე ვგეგმავ პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს," - განაცხადა ტრუდომ ორშაბათს ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ "ერთადერთი, რაც მის გულდაწყვეტას იწვევს", კანადის საარჩევნო პროცესია.
"თუ რაიმე მენანება, განსაკუთრებით ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება, ალბათ, ბევრი სხვა რაღაცაც იქნება, რაც გამახსენდება, ისაა, რომ ვერ შევძელით მთავრობის არჩევის სისტემა შეგვეცვალა, რომ ამომრჩევლებს საშუალება ჰქონოდათ, მეორე ან მესამე არჩევანი ერთი და იგივე ბიულეტენზე დაეფიქსირებინათ," - განაცხადა ტრუდომ.
პარლამენტის საქმიანობა 24 მარტამდე შეჩერდება, რათა პარტიამ ახალი ლიდერი აირჩიოს.
"პარლამენტი თვეების განმავლობაში პარალიზებული იყო, რაც ყველაზე ხანგრძლივი სესიაა კანადის ისტორიის განმავლობაში," - აღნიშნა ტრუდომ.
"დღეს დილით გუბერნატორ-გენერალს ვთხოვე, ახალი სესია გამოაცხადოს. მან ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და 24 მარტამდე პარლამენტი დაიხურება," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.