ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."
კობახიძის თქმით, ალბათ, მოუწევთ პარტიების აკრძალვის სარჩელის კორექტირება. ის არ გამორიცხავს, რომ სიას სხვა პარტიებიც დაემატოს.
"ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის არის ის, რომ მოგვიწევს, ალბათ, იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
(...) შესაძლოა, მათ შორის, დაემატოს, გამომდინარე იქედან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება, ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ბუნებრივია, ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.
რეალურად, ორი პარტია რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ეგრეთწოდებული ერთობა, აქედან გამომდინარე.
(...) თავისუფლების მოედანიც, თქვენ იცით ნაცმოძრაობის წიაღიდან შექმნილი პარტიაა. 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და 2012 წლის შემდეგაც, კონკრეტულად ნაცმოძრაობასთან ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული.
მათ შორის, ლევან ცუცქირიძეც, მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას." - თქვა მან.
2 მარტს, 9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა - ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.
ასევე შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
ეს პარტიებია - ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.
სარჩელში ასევე არის "მცირე პარტიების" ჩამონათვალი, რომლის აკრძალვასაც ოცნება ახლა არ ითხოვს, მაგრამ მათი "არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ".





